საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ დაეცა

ნავთობის ფასი გასულ კვირას ნიუ-იორკის ბირჟაზე ზიგზაგურად მოძრაობდა, დაფიქსირდა აღმასვლაც და 5–დოლარიანი ვარდნაც. ამჟამად 1 კვირიანი ფასის სხვაობა 1 დოლარი და 20 ცენტია და ბარელი ნავთობი ნიუ-იორკში 55 დოლარი და 66 ცენტი ღირს.

იგივე მდგომარეობა იყო ლონდონში, სადაც უკეთესი ხარისხის ნავთობი ივაჭრება. აქ ცვლილება 1 დოლარი და 82 ცენტი იყო. მისი ფასი ახლა 61 დოლარი და 89 ცენტია.

რაც შეეხება მიზეზებს, როგორც Oilprice.com წერს, ხუთშაბათს ნავთობს ყველაზე ცუდი – 1–დღიანი ვაჭრობა ჰქონდა 4 წლის განმავლობაში, რადგან 24 საათში მისი ფასი 7 პროცენტით დაეცა. 

ეს კვლავ სავაჭრო ომს უკავშირდება ამერიკა-ჩინეთს შორის. დონალდ ტრამპმა კვლავ ახალი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა, მორიგი მუქარა 300 მილიარდის პროდუქტს ეხება, რომელზეც 10%-იანი ტარიფების დაწესებას აპირებს ტრამპი იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დათმობაზე არ წავა.

ნავთობის ბაზარზე სხვა სიახლეებიც მოხდა. 100 000 ბარელით შემცირდა ირანიდან ნავთობის ექსპორტი, შემცირდა ასევე ლიბანის გადამუშავება, დღეში 1 მილიონი ბარელით, OPEC-ის ქვეყნების მხრიდან ნავთობის წარმოება კი 8 წლის მინიმუმზეა.

რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით თითქმის ყველა ნავთობკომპანიამ შეინარჩუნა ფასი და არ გაუზრდიათ ბენზინის ღირებულება. მხოლოდ Gulf-ში მოიმატა ევრო-რეგულარის ტიპის საწვავმა 5 თეთრით. გასულ კვირას კი თითქმის ყველგან 5 და 10 თეთრიანი მატება გვქონდა.

Oilnews-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე იაფად პრემიუმისა და რეგულარის ტიპის ბენზინის შეძენა "ლუკოილში" შეგიძლიათ. პრემიუმის ფასი 2 ლარი და 61 თეთრია, რეგულარის კი 2 ლარი და 51 თეთრი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„ბარსელონას“ ფეხბურთელები საპროტესტო გამოსვლას შეუერთდნენ