პურის ფქვილი გაძვირდა

ლარის დრამატული გაუფასურების პარალელურად, ბოლო 12 დღის განმავლობაში პურის ფქვილი 2–ლარამდე გაძვირდა. 

როგორც საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, ერთი ტომარა ფქვილის ფასი სადღეისოდ 49–51 ლარის ფარგლებში მერყეობს და ფასი ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა. მიზაზად კი ვალუტის გაუფასურება სახელდება.   

სილაგავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მწარმოებლები მოლოდინის რეჟიმში არიან და თუ ლარმა გაუფასურება არ განაგრძო, ფასის ზრდას არ გეგმავენ.  

"ფასები დაახლოებით 2.75 კურსზე იყო დაგეგმილი. გარკვეული გარდამავალი მარაგები ქვეყანაში არის, მაგრამ პროდუქტის ყოველი შემდგომი შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, ამიტომ ლარის გაუფასურება ჩვენთვის ძალიან უარყოფითი ფაქტორია” - აცხადებს ლევან სილაგავა.

ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2.887 ლარს, ერთი ევროს ღირებულება კი 3.2037 ლარს შეადგენს. განახლებულ გაცვლით კურსებს საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp