ჯანდაცვის სამინისტრო რკინიგზელების მოთხოვნებს განცხადებით პასუხობს

რკინიგზელთა შესაძლო გაფიცვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სამინისტრო მოუწოდებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასა და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს მიმართონ ყველა ძალისხმევას, რათა გადავიდნენ მოლაპარაკებების რეჟიმში, განიხილონ არსებული პრობლემები და ორივე მხარის ინტერესის მაქსიმალურად გათვალისწინებით, მიაღწიონ შეთანხმებას მათი გადაწყვეტის გზებისა და საშუალებების შესახებ.

„2019 წლის 9 ივლისს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ვიტალი გიორგაძემ მიმართა როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, ისე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს დავით ფერაძეს კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით, შემათანხმებელი პროცედურების (მედიაციის) დაწყების თაობაზე.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, არსებული კოლექტიური შრომითი დავის რეგულირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მედიატორთა რეესტრიდან შეირჩა და დაინიშნა მედიატორი, რის შესახებაც ეცნობათ კოლექტიური შრომითი დავის მხარეებს.

კოლექტიური დავის ფარგლებში მედიატორმა გამართა ინდივიდუალური შეხვედრა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან. მედიატორი ასევე დაუკავშირდა სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას შემათანხმებელ პროცედურებში უფლებამოსილი პირის ჩართვის მიზნით.

მიუხედავად მედიატორის არაერთგზის მცდელობისა, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მედიატორს შორის შეხვედრა არ შედგა. შედეგად, მედიაციის პროცესი შეწყდა. მხარეების თანხმობისა და მომართვის შემთხვევაში სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ ჩაერთოს ზემოაღნიშნულ პროცესში და უზრუნველყოს შემათანხმებელ პროცედურებში მედიატორის მონაწილეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ. ამ დროისთვის საგაფიცვო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე, ხელს 4 800 ადამიანი აწერს. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრების განცხადებით, საპროტესტო აქციების დაწყება, ავტომატურად, შიდა და საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერებას გამოიწვევს.

რკინიგზის მენეჯმენტის წინადადების მიხედვით კი, 11 ათასი დასაქმებული, რომელთა ხელფასებიც 1500 ლარზე ნაკლებია, მომავალი წლის მარტიდან 10%-ით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. თუმცა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წევრები მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებენ და მასშტაბური გაფიცვებისათვის ემზადებიან. 10 აგვისტოს გაირკვევა, როგორია პროტესტის მონაწილეთა სამოქმედო გეგმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"