რუსეთში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი დასახელდა

რუსეთში ტყის ხანძრების მიზეზად ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა იქცა, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის მოადგილემ იგორ კობზევმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბუნებრივი ხანძრების უმრავლესობა გზების სიახლოვეს გაჩნდა.     

თავის მხრივ, რუსეთის სატყეო მეურნეობის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კლიმოვი ირწმუნება, რომ კონტროლირებად ზონებში (ზონები, სადაც ხანძრის ქრობა აუცილებელი არ არის და წარმოებს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით) ხანძრები ე.წ. მშრალი ჭექა–ქუხილის გამო გაჩნდა. 

ცნობისთვის: ტყის ხანძრების გამო რუსეთის ოთხ რეგიონში – ირკუცკის, კრასნოიარსკის მხარეებში, ბურიატიასა და იაკუტიაში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. ცეცხლის მიერ მოცული ტერიტორიის ფართობმა 2,3 მლნ ჰექტარს გადააჭარბა, დაკვამლიანების ზონაში 600 დასახლებული პუნქტია მოქცეული. ხანძრის ქრობაში, რომელიც ცეცხლის გაჩენიდან დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყო, თითქმის 10 000–მდე ადამიანი, 3000 ერთეული ტექნიკა და 70  საჰაერო ხომალდია ჩართული. თავდაცვის სამინისტრომ საგანგებოდ ამ მიზნით 10 თვითმფრინავისა და იმდენივე ვერტმფრენისგან შემდგარი დაჯგუფება ჩამოაყალიბა.

ბოლო ორი დღე–ღამის განმავლობაში საჰაერო ხომალდების დახმარებით ხანძრის 84 კერის ლიკვიდაცია მოხერხდა, პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა გუბერნატორებს ხანძრის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp