ქალთა მოძრაობა: "რულოვსის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია სექსიზმის ნიშნებს ავლენს"

ქალთა მოძრაობა ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მხარდასაჭერ ტექსტს ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური კანდიდატის სანდრა რულოვსის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანია მკვეთრად ავლენს სექსიზმის ნიშნებს:

„შემაშფოთებელია სანდრა რულოვსის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი: მშვიდობიანი შეკრების დროს სანდრა რულოვსს და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელები მათ უწოდებდნენ „ნასედკებს და ბოზებს“. ყველა თავდამსხმელი დაკავებული არ არის, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ადვილია.

ასევე, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ პოსტერებს, სადაც სანდრა გამოსახულია საცვლებით; მსგავსი სექსისტური შინაარსის მქონე მასალა აქტიურად სპონსორდება და ვრცელდება სამთავრობო ტროლების მიერ. ოპონენტები ცდილობენ სანდრას სქესი მისივე სისუსტედ წარმოაჩინონ, როცა მას უწოდებენ „რძალს“და როდესაც აკრიტიკებენ მის ქმარს ცოლის „კაბას და კალთას ამოფარებულობის“გამო.

ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეისბუქზე სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიის ქალი პოლიტიკოსების, თინა ბოკუჩავას და ანა წითლიძის მისამართით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ სანდრა რულოვსი წლების განმავლობაში ახერხებდა უფასო სკრინინგის პროგრამების შეთავაზებას ქალებისათვის. ის საკუთარი ინიციატივით შეხვდა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა განეხილა ზუგდიდში მცხოვრები ქალების პრობლემები და გაეთვალისწინებინა საარჩევნო პროგრამაში. ქალთა მოძრაობა მიესალმება პოლიტიკოსების ინტერესს ქალთა საკითხების მიმართ და მიაჩნია, რომ ეს არის ქალთა გაძლიერების ერთ-ერთი აუცილებელი ინსტრუმენტი“,– ნათქვამია განცხადებაში.

ქალთა ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სანდრა რულოვსის პასიური საარჩევნო ხმის უფლების ეფექტური აღსრულება; თავი შეიკავოს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერის დროს გენდერულად დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და კამპანიისგან; შექმნას უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში.

ქალები ასევე მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, სექსისტური განცხადებების გამო საკუთარი რიგებიდან გარიცხოს თამაზ ფაცაცია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვის მოიაზრებს "ქართული ოცნების" ყოფილი კოალიციიდან პარტნიორებად ბოკერია