ალმასები, ბუნკერი ათონზე და ჟურნალისტების მკვლელობა – რაბინოვიჩმა პუტინზე კომპრომატების პირველი წყება გამოაქვეყნა

ცნობილმა რუსმა ფინანსისტმა და ბლოგერმა სლავა რაბინოვიჩმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ დაპირებული კომპრომატების პირველი წყება გამოაქვეყნა.

“ფეისბუქში” პირად გვერდზე რაბინოვიჩი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დეტალურად აღწერს, რა გზით დააგროვა რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა “ზღაპრული ქონება, რომელმაც დიდი ხანია, ტრილიონ დოლარს გადააჭარბა”.  

როგორც ავტორი აღნიშნავს, პუტინისა და მისი “მექისეების” წილები უმსხვილეს რუსულ კომპანიებში 10-დან 90%-მდე მერყევობს. 

მისივე ინფორმაციით, “მას შემდეგ, რაც თანხების დოლარებსა და ევროებში შენახვის ფობია გაუჩნდა (შიშობს, რომ ეს ანგარიშები შეიძლება, გაუყინონ, კონფისცირება განახორციელონ, პერსონალური სანქციები დააკისრონ და ა.შ.), პუტინს გახსნილი აქვს ანგარიშები იენებში, შვეიცარიულ ფრანკებსა და ჰონკონგურ დოლარებშიც, თუმცა გააჩნია ასევე ოქროს ზოდები, ბრილიანტები და ალმასებიც,  რომელსაც ნამდვილ საგანძურებში ინახავს”. 

“ბოლო ათი წელია, “მამა” (პუტინი – რედ.) სამშობლოში  არსებული გადავსებული საგანძურებიდან ამ ძვირფასეულობის ნელ-ნელა უცხოეთში გატანითაა დაკავებული. მისი ერთ-ერთი საიდუმლო ბუნკერი ათონის მთაზე მდებარეობს. სწორედ იქ ინახება მისი ოქროულობის, ბრილიანტებისა და უიშვიათესი დაუმუშავებელი ალმასების ძირითადი ნაწილი” - ყველა რაბინოვიჩის წყარო ძალოვანი უწყებიდან. 

მისივე ინფორმაციით, პუტინი გეგმავს, ამ დაცული სიმდიდრის ნაწილი ძალოვანების დაფინანსებისთვის გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ჯანყი დაიწყება.

“მერწმუნეთ, სოციალური უკმაყოფილების ჩახშობა ძალზე ხისტი  იქნება” - ამბობს ძალოვანი წყარო.

მან რაბინოვიჩს იმის შესახებაც უამბო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჟურნალისტების ორხან ჯემალის, კირილ რადჩენკოს და ალექსანდრე რასტორგუევის მკვლელობის რეალური მიზეზი სწორედ ალმასებს უკავშირდება და არა არაფორმალურ გასამხედროებულ დაჯგუფება “ვაგნერს”.

«მათ იქ მეტისმეტად ბევრი შეიტყვეს ძალიან ბევრ ბიზნესში პუტინის უმცროსი პარტნიორის – პრიგოჟინის მიერ ალმასების მოპოვების თაობაზე: ყველაზე ძვირადღირებული ალმასების დიდი ნაწილი გასაყიდად არ გადის და იგზავნება “მამას” ბუნკერში ათონზე. ჟურნალისტებმა ეს ყველაფერი მოიკვლიეს, ამიტომაც გაიცა მათი ლიკვიდაციის ბრძანება” - აცხადებს ძალოვანი წყარო და დასძენს, რომ ცენტრალური აფრიკა ერთადერთი ადგილი არაა პლანეტაზე, სადაც პერსონალურად პუტინისთვის უიშვიათეს ალმასებს მოიპოვებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)