გაძვირდება თუ არა მედიკამენტები – ფარმაცეფტების მოლოდინი

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტის ირინა ჭელიძის განცხადებით, "თუ კურსი დოლართან მიმართებით 3 ლარიან ნიშნულს ასცდა, მედიკამენტები გაძვირდება". 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მედიკამენტების ფასები მასობრივად გაზრდილი არ არის, თუმცა შეიძლება, იყოს წამლების ჯგუფის მცირე ნაწილი – 3-4%, რომლებიც გაძვირებულია. 

"მედიკამენტების გაძვირება ძალიან მძიმე პროცესია, ეს თავად ბიზნესზეც აისახება, რამდენადაც მაშინვე იკლებს გაყიდვები. ყველა ბიზნესმენი ძალიან კარგად ათვიცნობიერებს ამას, რომ გაძვირება გამოსავალი არ არის, რადგან ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენს ბიზნესს", - აცხადებს ირინა ჭელიძე. 

კითხვაზე, თუ დღეს ფასები გაზრდილი არ არის, რის ხარჯზე ნარჩუნდება ფასი, ირინა ჭელიძე ამბობს, რომ ბიზნესი "მომავლის იმედზეა". 

"შარშან ნახევარი წელი იყო ლარის კურსის მატება და პირველი ნახევარი იყო სტაბილური. ახლაც სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ შეინარჩუნოს რაღაც ნიშნულზე ლარი. ყველა ელოდება, რომ სექტემბრიდან წლის ბოლომდე თუ მოხდა დაწევა, ეს დააბალანსებს ამ მდგომარეობას. 

ძალიან დიდი პანიკა გამოიწვია, როცა დოლარის კურსი გახდა 3 და ევროს კურსი გახდა 3.35 ლარი. ეს ისეთი ნიშნული იყო, რომელიც ძალიან სერიოზულ გადახედვას მოითხოვდა ჩვენი მხრიდან, რადგან ძალიან ბევრი მედიკამენტის ფასი თვითღირებულების მაჩვენებლით წავიდა მინუსში", - აცხადებს ირინა ჭელიძე.

ცნობისთვის: ოფიციალური კურსის მიხედვით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8946  ლარია, ხოლო 1 ევროს 3.2312 ლარად შეიძენთ.

5 აგვისტოს ერთი დოლარის ღირებულება 2.887 ლარი იყო, ერთი ევროსი კი 3.2037 ლარი. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს მშობლებს მიმართავს