მედია – ტრამპმა ვენესუელას სრული ეკონომიკური ემბარგო დაუწესა

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას სრული ეკონომიკური ემბარგო დაუწესა, – იუწყება CNN.

მისივე ცნობით, აშშ-მა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვენესუელის მთავრობის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების აქტივები დაბლოკა. აშშ-ში მათთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური ოპერაციები აიკრძალა. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების დროს განხორციელებული ოპერაციები. 

"ვენესუელის წინააღმდეგ ემბარგო ნიკოლას მადუროს უკანონო უზურპაციას უკავშირდება, რომელიც ვენესუელაში კვლავ გრძელდება. ვენესუელაში ადამიანის უფლებები გამუდმებით ირღვევა", – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში. 

ხუან გუაიდომ აშშ-ის მიერ დაწესებული ემბარგო დადებითად შეაფასა. ვენესუელელი ოპოზიციონერის განცხადებით, მადუროს მხარდამჭერმა მაღალჩინოსნებმა უნდა გაიგონ, რომ ნიკოლას მადუროს ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ცნობისთვის: ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო.  23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა  ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა. აშშ-ს აღაირების შემდეგ გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის  საქართველომ, საფრანგეთმა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად სცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp