„საქართველოს რკინიგზა“ - ქვიშხეთში გაფიცულებს სს „საქართველოს რკინიგზასთან“ სამართლებრივი კავშირი არ აქვთ

„საქართველოს რკინიგზა“ ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ არავითარი შრომით-სამართლებრივი კავშირი პროცესთან არ აქვს.

"სს „საქართველოს რკინიგზას“ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან გაფორმებული აქვს  ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სამშენებლო ხელშეკრულება 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე.  აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია, ავსტიულ-გერმანული ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს.

ნებისმიერი მცდელობა მიმდინარე პროტესტი დაუკავშირდეს სს „საქართველოს რკინიგზას“, ემსახურება დესტაბილიზაციის განცდის დანერგვას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მუშაობს შეუფერხებლად და ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება როგორც სამგზავრო გადაყვანები, ასევე სატვირთო გადაზიდვები.

მედია საშუალებებს ვთხოვთ არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაცია, რათა  არასწორი განმარტებებით არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში". 

ცნობისთვის: დღეს ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გვირაბის შესასვლელი ჩაკეტეს. გვირაბში ჩინური კომპანიის ათამდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან. 

გაფიცულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მატებას ითხოვენ. მშენებლობაზე დასაქმებულები პროფკავშირების წარმომადგენელთან ერთად „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს გუშინ შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. 

გაფიცულების ინფორმაციით, ხელფასების დღიურად 20 ლარიდან 30 ლარამდე მატებაზე ჩინურმა კომპანიამ უარი განაცხადა. მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp