უოლ-სთრითზე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა

უოლ-სთრითზე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა. აქციების კურსის წლის დასაწყისიდან ყველაზე მასშტაბური ვარდნა დაფიქსირდა. ჩინეთთან მზარდი სავაჭრო კონფლიქტის ფონზე ინდექსი S&P 500, რომელშიც 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანია შედის 3%–ით დაეცა, ინდექსი Dow Jones - 2,9%–ით, ინდექსი Nasdaq - 3,5%–ით.  

უოლ–სთრითზე აქციების კურსის ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთმა თავის ვალუტას – იუანს ერთ დოლარში შვიდი იუანის დონემდე დაცემის შესაძლებლობა მისცა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ დღეში ეროვნული ვალუტის ყველაზე მასშტაბურ გაუფასურებას წარმოადგენდა. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი „ვალუტით მანიპულაციაში დაადანაშაულა. აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი ითანამშრომლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პეკინის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოსაფხვრელად. 

ბევრი ინვესტორი შეშფოთებულია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის ესკალაციის პერსპექტივით, ვინაიდან ეს კონფლიქტი გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკურ კლიმატზე. ორშაბათსვე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა ამერიკული სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა შეწყვიტა. ეს გასულ კვირას დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელიც აშშ–ში ჩინურ იმპორტზე დაახლოებით 300 მლრდ დოლარის დამატებითი მოსაკრებლის შემოღებით დაიმუქრა. ეს აშშ–ში იმპორტირებულ მთელს ჩინურ საქონელს შეეხებოდა.

ორშაბათს აქციების გაყიდვა საშუალო ტემპებით დაიწყო აზიის ბირჟებზე, თუმცა გაძლიერდა ევროპაში ბაზრების გახსნის შემდეგ და დღის ბოლოსთვის პიკს ამერიკულ საფინანსო ბირჟებზე მიაღწია. უსაფრთხოების ძიებაში ინვესტორები აშშ–ის სახელმწიფო ობლიგაციებს ყიდულობდნენ, რამაც, თავის მხრივ, მათი შემოსავლიანობა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე ჩამოაქვეითა. 

ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ეკონომიკა საშუალო ტემპით ზრდას განაგრძობს, უმუშევრობის დონე თითქმის 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია, ხოლო აშშ–ის საფონდო ინდექსები დაახლოებით ერთი კვირის წინ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ეკონომისტების გათვლით, ამ მომენტისთვის აშშ–ში რეცესია ნაკლებსავარაუდოა დაბალი საპროცენტო განაკვეთისა და ცენტრალური ბანკის მიერ მისი სამომავლო დაქვეითების შესაძლებლობის გამო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა