სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ტრენინგი მიმდინარეობს

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ერთ-ერთი სექტორის - დაგეგმარების და სივრცითი მოწყობის გარემოზე ზემოქმედების განხილვის მიზნით, სასტუმროში „Holiday Inn“ ტრენინგი დაიწყო. 

ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ტრენინგის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ცოდნის ამაღლების საჭიროებაზე გაამახვილა. 

ტრენინგის ფარგლებში, დაგეგმარების და სივრცითი მოწყობის გარემოზე ზემოქმედების საკითხი მარტვილის რაიონში, კურორტ ლებარდეს სივრცითი მოწყობის დოკუმენტის მაგალითზე განიხილეს. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა ქართული კანონმდებლობისთვის ახალ ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ტრენინგი მნიშვნელოვანია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის.

ტრენინგი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. ორდღიან ტრენინგს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო და ეროვნული კონსულტანტები გაუძღვებიან. ტრენინგში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი და რეგიონული მუნიციპალიტეტების ასევე, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp