ბახტაძე – ლარზე: "ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები"

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ლარის კურსის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას კვლავ ოპოზიციას აკისრებს. რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, პრემიერი ირწმუნება, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, ეროვნულ ბანკს კი ყველა შესაძლებლობა აქვს პრინციპული ნაბიჯებისთვის. 

"კურსის განსაზღვრაში ძირითადად ორი ფაქტორი მოქმედებს: პირველი, ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები და მეორე – მოლოდინები. ძალიან ნეგატიური მოლოდინები შეიქმნა იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის უპასუხისმგებლო ადამიანებს მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ. ამ ადამიანებში ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. ასევე ნეგატიური მოლოდინი იყო, რომ შეიძლება, ეკონომიკური ვაჭრობაც სეზღუდულიყო და ამას უფრო მეტი პმრობლემა გამოეწვია ჩვენი მოქალაქეებისთვის. გამოქვეყნებულმა შედეგებმა რა გვაჩვენა? ჩვენი ტურისტების რაოდენობა წელს ფაქტობრივად იგივეა, რამდენიც იყო შარშან...მინდა, შეგახსენოთ, მხოლოდ აჭარაში ივნისში ჩვენ მივიღეთ 40%–ით მეტი ტურისტი. დღეს რა მივიღეთ? არა თუ 40%–იანი ზრდა გვაქვს, არამედ გავედით იმ შედეგზე, რაც შარშან გვქონდა. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსგავსი პრობლემები მოაგვაროს დროულად, მოახდინოს მათი პროგნოზირება და პრევენცია. ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, შესაბამისად, ასეთ პირობებში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი იმისთვის, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები",– განაცხადა პრემიერმა. 

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, ლარი ორი დღით დასტაბილურდა, თუმცა დღეს ისევ გაუფასურდა. კერძოდ, 6 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8946  ლარია, ხოლო 1 ევროს 3.2312 ლარად შეიძენთ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp