EMC: "სააპელაციომ მორის მაჩალიკაშვილის საქმე წარმოებაში არ მიიღო"

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო საჩივარი, რომლითაც ორგანიზაცია მორის მაჩალიკაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ასაჩივრებდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  სასამართლომ დაუშვებლად სცნო 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 3 პირის საჩივარი.

"პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი და დაუსაბუთებელია. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მასში აბსტრაქტულადაა მითითებული, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების სათანადო სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა არ არის დასაბუთებული, საქმეში არსებული რომელი კონკრეტული მტკიცებულება ქმნიდა რეალურ საფრთხეს იმისა, რომ მორის მაჩალიკაშვილი მიიმალებოდა, ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას ან ზეგავლენას მოახდენდა მოწმეებზე.

განჩინებაში ვკითხულობთ: ,,გარკვეული პირადი მოტივები აკავშირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, ფუნქციების შესრულების ლეგიტიმურობასთან და ა. შ. აშკარაა, რომ მას უჭირს პასუხისმგებლობის გათავისება ამგვარ სტრესულ ვითარებაში, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან მიმართებაში რეალური მოლოდინის საფუძვლად აღიქმება“.

სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მსგავსი მსჯელობა კანონის ჩარჩოს ცდება, რამდენადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების განხილვის ეტაპზევე უკვე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და აცხადებს, რომ ავტომატურად არსებობს ახალი დანაშულის ჩადენის რისკიც. სასამართლო მორისის მონაწილეობას საპროტესტო აქციაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან პირად დაპირისპირებად აღიქვამს.

გარდა იმისა, რომ მოსამართლის განმარტება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის მიხედვით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს თუ არა რეალურ საფრთხეზე, რომ პირის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებით, ან მსუბუქი ღონისძიების გამოყენებით მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეეშლება. სააპელაციოს სასამართლოს ამგვარი შეფასება არ გაუკეთებია და ჩვენ მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტებიც სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა.

სამწუხაროა, რომ ზემდგომმა სასამართლომ, 20-21 ივნისს დაკავებული პირების დაპატიმრების საქმეზე მიღებული აშკარად შაბლონური და ზედაპირული გადაწყვეტილებების პრაქტიკის რევიზია ვერ მოახერხა და ამ გზით სასამართლო კონტროლის რეალურ განხორციელებაზე უარი თქვა.

EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებების უსაფუძვლობა და უზრუნველყოს მიმდინარე პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება. იმ ფონზე, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, დაუსაბუთებელი განჩინების პირობებში კიდევ უფრო მყარდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღია. სამართლებრივი მექანიზმების ამ ფორმით გამოყენება სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზებისს ნიშნებზე მიუთითებს და მკვეთრად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების იდეას", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ შსს–მ 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავა. 27 ივლისს მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)