სიძულვილის მონობაში: საქართველოში ნეონაცისტური ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგი

„ჩართულობისა და განვითარების“ ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა „სიძულვილის მონობაში- საქართველოში ნეო-ნაცისტური ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგი“, რომელიც ყველა იმ ადამიანის ხსოვნას ეძღვნება, მათ შორის ვიტალი საფაროვის, ვინც კაცობრიობის ისტორიაში ნეონაცისტური ჯგუფების მსხვერპლი გახდა.

კვლევა ფოკუსირებულია საქართველოში არსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობებზე, განსაკუთრებით კი, იმ ჯგუფების საქმიანობებზე, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ ნეონაცისტებს და რომელთა აქტივობებსაც ქართული ნაციონალიზმი „თეთრკანიანთა უპირატესობის“ ნიშნულთან მიჰყავს.

„საქართველოში მოქმედი ყველა რადიკალური, ულტრამემარჯვენე ჯგუფი, ერთიანი და ძლიერი სიძულვილის პირამიდის შემადგენელი ნაწილია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ მოკლე დროში ახდენენ თავიანთი ძალების სრულ მობილიზებას“,– წერს კვლევის შესავალ ნაწილში უფლებადამცველი აგიტ მირზოევი. 

კვლევის ავტორის შეფასებით, საქართველოში ძლიერდება და მყარდება ულტრამემარჯვენე, განსაკუთრებით კი ნეონაცისტური მოძრაობა და მიუხედავად იმისა, რომ მათი აქტივობები საფრთხეს წარმოადგენს როგორც ეთნიკურად ქართველებისთვის, ისე ეთნიკური და ეროვნული უმცირესობებისა და უცხოელი მოქალაქეებისთვის, სამართლებრივი რეაგირება არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და არ არის ორიენტირებული იმ რისკების პრევენციაზე, რომელიც დღეს ნეონაცისტური დაჯგუფების მხრიდან მოდის.

სიძულვილში შემჩნეული ორგანიზაციები

კვლევაში მოხვდა რამდენიმე ორგანიზაცია. კერძოდ, „ქართული მარში“ - "რადიკალური მემარჯვენე სახალხო ორგანიზაცია (როგორც თავად უწოდებენ საკუთარ თავს), რომელიც ოფიციალურად 2017 წლის აპრილში დაფუძნდა. გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები საზოგადოებისთვის მალევე გახდნენ ცნობილნი საკუთარი აგრესიული, სიძულვილის ენის შემცველი გამოსვლებითა და ძალადობრივი მოწოდებებით, ცალკეულ შემთხვევებში კი უცხოელებზე თავდასხმითაც.


მათი პირველი მასობრივი გამოსვლა 2017 წლის 14 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა. ამ გამოსვლაზე ულტრანაციონალისტების ლიდერები საქართველოდან უცხოელი, არალეგალი მიგრანტების დეპორტაციასა და ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდნენ.

საზოგადოებამ მსგავსი რიტორიკით გაიცნო გიორგი ჭელიძეც, სოციალურ ქსელში შერქმეული ზედმეტსახელით - „დედისერთა ფაშისტი“, რომელიც კიდევ ერთი რადიკალური დაჯგუფების - „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერია. გიორგი ჭელიძე 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დააკავეს. 2 სექტემბერს მას პროკურატურამ ბრალად წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა. მიმდინარე წლის 24 მაისს კი, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა".

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ შესამჩნევია ისეთი ნეონაცისტური დაჯგუფებების აქტიურობა, როგორებიც არიან „ქართული ძალა”, „ბერგმანი”, „დინამო ულტრას”, „ედელვაისი“, რომლებიც საპროტესტო აქციებს ნიღბებითა და „თეთრი ნაციონალიზმის“ სიმბოლიკით ატარებენ. მათი ძირითადი მოწოდებაა „საქართველო ქართველებისთვის“.

ამ დაჯგუფებების იდეები ხშირად ერთმანეთისას ემთხვევა.

თვითმხილველთა თქმით, ნეონაცისტები აგრესიით გამოირჩევიან და შეურაცხყოფას აყენებენ როგორც ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს. სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებში, ბარებსა და კაფეებში ისვრიან მაშხალებს, აზიანებენ სარეკლამო ბანერებსა და ინვენტარს.

„ასეთი საქმეები მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობის და ცემის შემცველი არ არის. აღნიშნული ქმედებები განპირობებული იყო სწორედ ეროვნული სიძულვილის მოტივით, რომელიც იკითხება თითოეული საპ როტესტო აქციის მესიჯებში, მოწოდებებსა თუ აგრესიულ ქმედებებში. სამწუხაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეული საქმე განსხვავებულად შეაფასა და მათში სიძულვილის მოტივი ვერ დაინახა“ - ვკითხულობთ კვლევაში.

სიძულვილის მოტივით მომხდარი დანაშაულები

საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფაა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

2017 წელს სსსკ-ს დაემატა 53-ე პრიმა მუხლი - “სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები”, რომლის პირველივე ნაწილში გაწერილია ის გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ამავე კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულები მძიმდება.

საქართველოს პროკურატურამ 53-ე1 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოკვლევის ავტორებს შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა:

  •  2017 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა ხდებოდა 86 საქმის ფარგლებში, საიდანაც ეროვნული ნიშანი შესწავლილი იქნა 1 საქმეში, ეთნიკური ნიშანი - 1 საქმეში, რელიგიური ნიშანი - 10 საქმეში.
  • სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ, საიდანაც ბრალდება წარედგინა 2 პირს რელიგიური ნიშნით, 9 პირის ბრალდების საქმეში კი - გარდა გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციისა, 2 პირს ბრალი წარედგინა რელიგიური ნიშნითაც.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეებში, გამოძიების შედეგად, სიძულვილისმოტივი არ გამოიკვეთა, შესაბამისად, ეს არც ბრალდების შესახებ დადგენილე ბაში მიუთითეს.

  • 2018 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის 210 საქმის ფარგლებში. აქედან ეროვნული ნიშანი იკვეთებოდა 6 საქმეში, ეთნიკური ნიშანი 2 საქმეში, რასობრივი ნიშანი - 2 საქმეში, რელიგიური - 23 საქმეში.
  • სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 151 პირის მიმართ. აქედან 1 პირს ბრალდება წარედგინა ეთნიკური ნიშნით, 1 პირს - რასობრივი ნიშნით, 3 პირს - ეროვნული ნიშნით, 2 პირს კი - რელიგიის ნიშნით.
  • რეკომენდაციები
  • კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შეიქმნას სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ერთიანი მონაცემთა ბაზა.
  • „ეს ხელს შეუყწობს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების დროულ შესწავლასა და ეფექტურ გამოძიებას. კერძოდ, ერთიანი ბაზა საგამოძიებო სტრუქტურებს დაეხმარება, რომ მომავალში კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების შესწავლისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიზუსტე და კომპეტენტურობა, რათა თითოეულ შემთხვევაში სწორად გამოიკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფაქტები, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, განაჩენის გამოტანისას გამოიყენოს 53-ე1 მუხლი, როგორც დამამძიმებელი გარემოება, მსგავსი ნიშნების არსებობის შემთხვევაში“ - ვკითხულობთ ტექსტში.
  • ავტორები ასევე მნიშვნელოვანად მიიჩნევენ, მეტი ყურადღება დაეთმოს განათლების სისტემას, რადგანმ მათი სიტყევბით, ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფები, როგორც ეს გამოკვლევც და არსებული საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რეკრუტირების მიზნით ძირითადად 15-25 წლამდე მოქალაქეებთან მუშაობენ. სწორედ ამიტომ არის საჭირო სიძულვილთან ბრძოლის სწავლების ეფექტური ეროვნული მიდგომების დანერგვა როგორც დაწყებითი, ისე საშუალო და უმაღლესი განათლების საფეხურზე.
  • კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

Facebook Twitter Email Viber WhatsApp