“ლარის ზედმეტი გაუფასურება მთავრობის იმ მიდგომის ბრალია, რომელიც უფრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა”

"აქცენტის" ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძესთან. 

- ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდებოდა, თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მცირედით გამყარებას მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ხელოვნური ჩარევა განახორციელა. რა ფაქტორებითაა, თქვენი აზრით, ეს განპირობებული და რამდენად ეფექტური შეიძლება, აღმოჩნდეს ამ მხრივ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯი?  

– ზოგადად, მცურავი გაცვლითი კურსის ინტერვენციებით დასტაბილურება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ხერხდება. ამას ვერ ახერხებენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც გაცილებით დიდი რეზერვები აქვთ, მაგალითად, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკები. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ეს ჩარევა იყო დროებითი ეფექტის მომტანი, - პანიკა ჩაეხშო და მოლოდინები “გამოესწორებინა”. რა თქმა უნდა, ამ ინტერვენციას თავისი შედეგები მოჰყვა, თუმცა ეს  ეფექტი მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება.

ლარის კურსის დასტაბილურებისთვის აუცილებელია, წესრიგში იყოს სავალუტო შემოდინებებსა და გადინებებს შორის სხვაობა. თუ სავალუტო შემოდინებებს ვერ ვზრდით, მაშინ შეიძლება, მოგვიწიოს იმპორტის შემცირება, რაც არა ხელოვნურად, არამედ თავისთავად მოხდება, ანუ ვერ ვიყიდით იმდენს, რამდენსაც ვყიდულობდით.

რა თქმა უნდა, ლარის კურსზე მოქმედებს ტურიზმიდან შემოსულობების მოლოდინებიც, მესმის, რომ ტურიზმში კლება არაა, თუმცა მოლოდინები გაცილებით მეტი იყო. ტურიზმიდან შემოსულობების დაკლება გამოიწვევს იმპორტის დაკორექტირებას. ამან შესაძლოა, ქვეყნიდან ვალუტის გადინება ერთგვარად შეაციროს და მივიღოთ სტაბილური კურსი, მაგრამ ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

- რაკი ტურიზმიც ახსენეთ, ამ თემაზეც შევჩერდეთ: 30 ივლისს მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც გაუფასურების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად ე.წ. გავრილოვის ღამის შემდგომ, საპროტესტო აქციების ფონზე რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება დაასახელა. ანალოგიური განცხადებები გაისმა მთავრობის წევრთა მხრიდანაც – ისინი ლარის გაუფასურებაში ოპოზიციას ადანაშაულებენ. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? რამდენად დიდი წილი შეიძლება, ჰქონდეს ლარის გაუფასურების მიზეზებში რუსეთთან ურთიერთობების მორიგ დაძაბვას და საკუთრივ რუსი ტურისტების ფაქტორს?

–ჩემი აზრით, ამ გაუფასურებაში ფაქტორს უფრო მოლოდინები წარმოადგენდა, ვიდრე თავად ტურიზმი, რადგან ტურიზმიდან ძალიან დიდი დანაკლისი არ გვქონია. შესაძლებელია, მოსალოდნელზე ნაკლები ტურისტი შემოვიდა, მაგრამ არ ყოფილა იმხელა დანაკლისი, რომ ამ დონის გაუფასურება გამოეწვია.

ჩემი აზრით, გაუფასურების მხრივ უარყოფითი როლი ითამაშა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა პესიმისტურმა განცხადებებმა – გაუფასურების ოპოზიციაზე და აქციებზე გადაბრალების პოლიტიკამ. ეს არ იყო სწორი ქმედება. ჩემი აზრით, უფრო კარგი იქნებოდა, მათ შექმნილ ვითარებაში სწრაფად დაესახათ სამოქმედო გეგმა და ოპტიმისტური მესიჯები გაეშვათ საზოგადოებაში - რუსული ემბარგოს მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ მდგომარეობიდან გამოსვლასო. მაგრამ მათ აირჩიეს სხვა გზა, რომელიც უფრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ამ მიდგომამ გამოიწვია ლარის კურსის იმაზე მეტად გაუფასურება, ვიდრე ეკუთვნოდა.

- ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმი საბიუჯეტო შემოსავლების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. ამასთან, მთავრობამ ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი სწორედ რუსი ტურისტის მოზიდვაზე გააკეთა და ცოტა ხნის წინ მის მიერ ამ მიმართულებით დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციაც ვიხილეთ. თუ ბოლოდროინდელ მდგომარეობას და თავად ხელისუფლების მიერ ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის უმთავრესად რუსი ტურისტის რაოდენობის შემცირების დასახელებას გავითვალისწინებთ, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ხელისუფლების პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უმთავრესი აქცენტი ტურიზმზე გააკეთოს და ამ მხრივაც უმთავრესი ძალისხმევა სწორედ რუსი ტურისტის მოზიდვაზე მიმართოს?

– რუსეთის ეკონომიკაზე მთავარი აქცენტის გაკეთება არ მგონია, სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა. ჩვენ დღეს უფრო მეტად ვართ მიბმული რუსულ ბაზარზე, ვიდრე ეს იყო 5 – 6 წლის წინ. ეს საფრთხეს ქმნის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მშვენივრად ვიცით, რომ რუსეთი ეკონომიკას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამიტომ, ვფიქრობ, მთავრობის პოლიტიკა ამ მიმართულებით უნდა იყოს ძალიან ზომიერი. უნდა ეცადონ,  უფრო მეტად სხვა ბაზრების ათვისებაზე გააკეთონ აქცენტი. მესმის, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყანაა, მასთან სახმელეთო საზღვარი გვაქვს და მასთან ვერც ტურიზმს აღვკვეთთ და ვერც ვაჭრობას, თუმცა მეტი აქცენტი უნდა კეთდებოდეს სხვა ბაზრებზე, მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე და რაც შეიძლება, ნაკლები დამოკიდებულება უნდა გვქონდეს რუსულზე.

- იმ ფონზე, რომ ხელისუფლება რუსული ბაზრის შენარჩუნების უპირობო აუცილებლობაზე საუბრობს, ბატონი ივანიშვილი კი აკეთებს განცხადებებს, „ვისაც რუსული ბაზრის დაკეტვა სურს, ქვეყნის მტერია“, „რუსი ტურისტი ყველასთვის სანატრელია“ და „საქართველოში "იმენნა" რუსი ტურისტია აუცილებელიო», ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისის თვეში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა ჯამურად 5,8%–ითაა გაზრდილი. რეალურად რასთან გვაქვს, თქვენი აზრით, აქ საქმე? და რა მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს ხელისუფლების მსგავსი რიტორიკა?

– როგორც აღვნიშნე, ეს მთლიანად მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების საკითხია. რაც შეეხება იმას, რეალურად რასთან გვაქვს აქ საქმე, ეს მოლოდინების ბრალია. მაგალითად, გაიხსნა მეტი სასტუმრო, ოტელი და.ა.შ. ისინი ეხლა დარჩნენ იმაზე გაცილებით ნაკლები სტუმრით, ვიდრე გათვლა ჰქონდათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის მიდგომა “მხოლოდ რუსეთის ბაზარშია ხსნა და გადარჩენა”, ამისათვის საჭიროა, უფრო მეტად გავიდეთ ევროპულ ბაზარზე და ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალისხმევა მივმართოთ, მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებიდან.

- მმართველი ძალის წარმომადგენლების  ხსენებული განცხადებებისა და იმის ფონზე, რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ძლიერადაა მიბმული რუსულ ბაზარს, საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააჩნია. რამდენადაა, თქვენი შეფასებით, ათვისებული მისი სიკეთეები? რამდენად საკმარისად მიგაჩნიათ ხელისუფლების ძალისხმევა საქართველოს მიერ ამ შეთანხმების შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით და, მეორეს მხრივ, რამდენადაა შესრულებული საქართველოს მიერ ამ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები?

– ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიკეთეების უფრო მეტად ათვისებაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ მეტი ქართული პროდუქცია გავიდეს ევროპულ ბაზარზე, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე რუსული. ანუ, მეტი აქცენტი სწორედ სხვა ბაზარზე უნდა გვქონდეს. მაგალითად, ტურისტული მარკეტინგული კამპანიების მთლიანად რუსულ ბაზარზე გათვლით წარმოება საერთოდაც სისულელე მგონია. მესმის, რომ რუსეთიდან ტურისტების დიდი ნაკადი იყო, მაგრამ როგორც ვნახეთ, ეს შეიძლება, ერთ დღეში გაჩერდეს.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რუსი ტურისტი შეიძლება, ნაკლებმხარჯველი იყოს, ვიდრე, ვთქვათ, ამერიკელი ან ესპანელი, მაგრამ რუსი ტურისტების ნაკადი უფრო დიდია. ამდენად, მათაც მთლად ხაზს ვერ გადაუსვამ. აუცილებელია ამ ნაკადების დაბალანსება და ეტაპობრივად ჩანაცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკისთვის ეს სულ გამოწვევად დარჩება.

- რუსული საჰაერო ემბარგოს ფონზე მთავრობამ რუსეთიდან ფრენების სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, როგორ შეაფასებდით ამ ნაბიჯს როგორც ეკონომიკური სარგებლიანობის, ისე მორალური თვალსაზრისით?

- ჩემი აზრით, ეს ორივე თვალსაზრისით გაუმართლებელია.  ზოგადად სუბსიდირების მომხრე არ ვარ და ვფიქრობ, ეს ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესს ვნებს. გაუმართლებლად მიმაჩნია, ერთ კომპანიას, ან ქვეყანას მიანიჭო პრივილეგიები, მით უმეტეს ოკუპანტ ქვეყანას, როცა შესაძლებელია, სხვა ქვეყნებიდან უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ ტურისტული ნაკადის კუთხით.

- ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების ფონზე გამოსავალს რაში ხედავთ?

- ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების გაგრძელებას განსაკუთრებული აზრი არ ექნება. ზოგადად, გაუფასურების მიზეზი ხშირ შემთხვევაში მაკროეკონომიკური ფაქტორებია. ეს უნდა შეაფასოს ეროვნულმა ბანკმა კარგად. თუ მხოლოდ მოლოდინები იწვევს გაუფასურებას, მაშინ შეიძლება ინტერვენციის განხორციელება, თუმცა მოლოდინების შემთხვევაში, ჩემი აზრით, ერთი ინტერვენცია საკმარისი იყო. უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ გავზარდოთ სავალუტო შემოდინენები, რომლის ძირითადი ფაქტორებია: ქვეყანაში მეტი ექსპორტის, ინვესტიციის, ტურისტის, საერთაშორისო საგრანტო დახმარებების, გზავნილების შემოდინება და არ ვხარჯოთ რეზერვები.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსთავი 2"–ის 60%–იანი წილი დაყადადა