ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბანკი აღნიშნავს, ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს.

„ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის - ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა. ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 30 ივლისს ლარის გაუფასურება "საგარეო შოკებსა" და ტურისტების შემოდნების შემცირებას დაუკავშირა. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა მმართველმა გუნდმა.

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა ტრადიციულად ოპოზიციას დააკისრა და განაცხადა, რომ "ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები".

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, ლარი ორი დღით დასტაბილურდა, თუმცა დღეს ისევ გაუფასურდა. კერძოდ, 6 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8946  ლარია, ხოლო 1 ევროს 3.2312 ლარად შეიძენთ. 

იხილეთ ასევე:“ლარის ზედმეტი გაუფასურება მთავრობის იმ მიდგომის ბრალია, რომელიც უფრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა”

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp