ციხელაშვილი პუტინი–ხაჯიმბას შეხვედრას ეხმიანება

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერ რაულ ხაჯიმბას შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებებით „რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს ერთგვარი ლეგიტიმაცია მიანიჭოს იმას, რასაც ლეგიტიმაცია არანაირად არ ექნება“.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის პრეზიდენტი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება და ამით ცდილობს ერთგვარი ლეგიტიმაცია მიანიჭოს იმას, რასაც ლეგიტიმაცია არანაირად არ ექნება, რადგან საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ არის ოკუპირებული და რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა მთლიანად საერთაშორისო სამართლისა და ნორმების წინააღმდეგაა.  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. მთელი რიგი საკითხები საკითხებია, რაც ანონსდება, რომ ამ შეხვედრაზე განიხილება. საუბედუროდ, არც ეს წარმოადგენს დიდ სიურპრიზს, რადგან თერთმეტი წლის განმავლობაში, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსული გავლენა საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანდათან მზარდია. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ფაქტობრივად, ყველა სფერო ექსკლუზიური რუსული კონტროლის ქვეშაა მოქცეული და ამგვარი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს იმას, რომ ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზარდოს. აქ საყურადღებოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობისა და საზოგადოებისათვის ეს ნამდვილად არ არის პოზიტიური განვითარება და სწორედ აფხაზეთში, წლიდან წლამდე, სულ უფრო მეტად ისმის ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება რუსეთის ამ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ფაქტობრივად ადგილობრივი მოსახლეობის იდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის: აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღეს სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და რუსულ-აფხაზური სამომავლო ურთიერთობების რიგი ასპექტების განხილვა.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს სოხუმში ხაჯიმბა რუსეთში აფხაზეთის  საკითხების კურატორ ვლადისლავ სურკოვს შეხვდა.

თვის ბოლოსთვის, კერძოდ 25 აგვისტოს ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp