ქართულმა და ოსურმა მხარეებმა „საზღვრის დარღვევის“ შესახებ ბრალდებები გაცვალეს

ქართულმა და ოსურმა მხარეებმა დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ერთმანეთი „საზღვრის დარღვევაში" დაადანაშაულეს.

ქართულმა მხარემ 15 მაისს რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დაღვევის საკითხი დააყენა, ოსურმა მხარემ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ "ოსური საჰაერო სივრცე საქართველოდან შესული უპილოტო საფრენი აპარატებით ირღვევა". გარდა ამისა, ოსურმა მხარემ კი „ქართველი პოლიციელების მიერ უმთავრესად ზნაურის რაიონში ოსურ მხარეზე გადასვლის“ ბრალდება გააჟღერა, ხოლო რუსული ვერტმფრენის ქართულ მხარეს შემოფრენა უარყო და ისიც აღნიშნა, რომ ქართულ დელეგაციას დღეს ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, გაუგებარია, რომელ საჰაერო სივრცის დარღვევაზე საუბრობს IPRM-ის შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ეგორ კოჩიევი მაშინ, როცა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს ტერიტორიაა. 

„ჩვენ განვაცხადეთ პროტესტი ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, მსგავსი ტიპის აქცია უაღრესად სახიფათოა და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.  გაუგებარია, რომელ ან ვის საჰაერო სივრცის დარღვევაზეა საუბარი. საოკუპაციო ხაზი არის პირობითი ცნება და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არსებული ტერიტორია საქართველოსია“, – განაცხადა ანთაძემ. 

რაც შეეხება კოჩიევის მიერ ქართველი პოლიციელების მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, ანთაძის განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ანთაძემ განმარტა, ქართული პოლიცია ოპერირებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი ამოცანაა ადგილზე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საქმეები, ბორდერიზაციის უკანონო შემთხვევები და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებიც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა