ბიბილოვი: “სამხრეთ ოსეთი ჯერ რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს და მერე გაერთიანდეს ჩრდილოეთ ოსეთთან”

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვის აზრით, “ოსი ხალხი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის კვლავ გაერთიანების იდეას განუხრელად უნდა მიჰყვეს, თუმცა ამ გაერთიანებამდე აუცილებელია, სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს”. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

«ხალხი გაყოფილ მდგომარეობაში ვერ იარსებებს. თუ ხალხი დაყოფილია, მას ერთიანი განვითარება ვერ ექნება. ოდესღაც უკრაინელები და ბელორუსები ერთი ხალხი იყო, ახლა კი ნახეთ, რა მდგომარეობაში არიან! ანდაც შეხედეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას: რა ემართებათ  ხალხებს, რომლებმაც განვითარების სხვადასხვა ვექტორი აირჩიეს? ჩვენც უნდა დავფიქრდეთ, რას მოგვიტანს ეს გაყოფილი მდგომარეობა 50, 100 წლის შემდეგ… დღეს ერთიანი ოსეთის ერთ, თანაც მცირე ნაწილში რესპუბლიკაა, მეორე ნაწილი კი რუსეთის შემადგენლობაშია. თუ ისტორიულ სამართლიანობას დავუბრუნდებით, ოსი ხალხისთვის ისტორიული სამართლიანობა იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის  ნაწილი  იყო. ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს და უკვე ამის მერე დაიწყოს მუშაობა ერთიანი ოსეთის აღდგენაზე, ჩრდილოეთზე და სამხრეთზე დაყოფის გარეშე. ოსი ხალხისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია და ცხოვრებისეულად აუცილებელი. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ გაერთიანებაზე მიმართულ იდეოლოგიას და ეს იდეოლოგია უნდა იყოს ერთი – ოსი ხალხის გაერთიანება და ამ გაერთიანებული ეთნოსის ერთიანი განვითარება რუსეთის ფედერაციის საერთო განვითარების ვექტორში”- დასძინა ბიბილოვმა.

ცნობისთვის: 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის ე.წ.  დამოუკიდებლობა აღიარა. შემდგომში მას ნიკარაგუამ, ვენესუელამ,  ნაურუმ, ვანუატუმ, ტუვალუმ მიჰბაძეს, 2018 წლის 29 მაისს კი მათი ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა სირიამაც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp