ოპოზიცია აგვისტოს ომის წლისთავს ეხმიანება: „ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველო მშვიდობიან ბრძოლას გააგრძელებს“

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს. ოპოზიციის წევრებმა რუსული აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და განაცხადეს, რომ საქართველოს ომი არ სურს, თუმცა „ქვეყანა მშვიდობიან ბრძოლას გააგრძელებს“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე:

„მთავარი სათქმელი დღეს მაინც არის ის, რომ ომი არასდროს უნდა იყოს საქართველოს არჩევანი. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას იმისთვის, რომ დასრულდეს ოკუპაცია; იმისთვის, რომ გამთლიანდეს ქვეყანა და იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, როგორც ნამდვილად თავისუფალ ქვეყანას. ეს ბრძოლა გრძელდება, რომლის დროშა დღეს ქართულ საზოგადოებასა და იმ ახალგაზრდებს უჭირავთ, რომლებიც რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მოძრაობას აგრძელებენ. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა წარმატებული იქნება. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგარამ ყველამ უნდა იცოდეს რომ ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს მთლიანობისთვის, ერთიანობისა და ევროპული მომავლისთვის“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია:

„ამ ჯარისკაცებმა, ვინც 11 წლის წინ ამ დღეებში დაიღუპა, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის, რაც მდგომარეობდა საქართველოს თავისუფლების და სუვერენიტეტის დამხობაში. ამიტომ, მათი ხსოვნა ყველა ჩვენგანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში, ამ ბრძოლაში მთავარი მონაპოვარის - ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაკარგვა არ დავუშვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამას არასოდეს დაუშვებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი იყოს და არ დაუშვას ყველაზე უფრო დიდი საფრთხე - ჩვენს შიგნით საფრთხე, ჩვენს შიგნით შეგუება იმასთან, რომ რუსული ოკუპაციის და პოლიტიკური კარნახის გარეშე, არ გვექნება თავისუფალი ქვეყნის აშენების შანსი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ეს უკავშირდება ჩვენს პერსონალურ თავისუფლებასაც იმიტომ, რომ ქვეყნის თავისუფლება და ჩვენი თავისუფლება ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული ორი ცნებაა“.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე:

„7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ რუსებმა, კრემლმა, პუტინმა ომი გაცილებით ადრე დაიწყო. 1 აგვისტოს უკვე სრულმასშტაბიანი ომი იყო გაჩაღებული. უკვე დაცლილი იყო ქართული სოფლები, უკვე დაძრული იყო იძულებით გადაადგილებული პირების ტალღა. ამ სამარცხვინო სამხედრო აგრესიამ საქართველოს მოუტანა 500-ზე მეტი დაღუპული მოქალაქე, განადგურებული ინფრასტრუქტურა და საქართველო-რუსეთს შორის ერთხელ და სამუდამოდ დაღუპული ურთიერთობები. რუსეთს კი ამან მოუტანა სამუდამო სირცხვილი. ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს, რაც არ უნდა ილაპარაკონ ერთმორწმუნეობასა და ერთობლივ ისტორიაზე“.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"