საერთაშორისო საზოგადოება აგვისტოს ომის მე –11 წლისთავს ეხმიანება: "საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი აგრესიიდან 11 წელი გავიდა"

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებენ და რუსულ აგრესიას კიდევ ერთხელ გმობენ. 

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი:

„საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი აგრესიიდან 11 წელი გავიდა. რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ანექსიასა და ოკუპაციას. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, მას ყირიმი და დონბასი მოჰყვა“. 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი:

„საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 11 წლის გასვლის შემდეგ მე კვლავ გავიმეორებ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დაასრულოს და ქვეყნიდან ჯარები გაიყვანოს". 

ბრიტანელი პარლამენტარი ჯონათან ჯანოგლი: 

„11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია მოახდინა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპული და ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ სწრაფვას“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, ასევე საუკუპაციო რეჟიმის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მათ ფაქტობრივ ანექსიას ისახავს მიზნად“. 

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

“ვიხსენებთ რა 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში, ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. 

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„რუმინეთი მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის საჭიროებას. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის და ნატო-ს მიმართულებით საქართველოს მისწრაფებების აქტიურ მხარდაჭერას“. 

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დავიწყებული. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა“.

შვედი პარლამენტარი კერსტინ ლუნდგრენი:

„ქართველები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გავლებული მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობ:

„11 წელი გავიდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების დარღვევის მეშვეობით.

საქართველოში მომხდარმა კონფლიქტებმა ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება და ცხოვრებისეული ტრავმა გამოიწვია. ეს მემკვიდრეობა თაობებზე ზემოქმედებას დღესაც ახდენს. ევროკავშირი მიესალმება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაზე მიმართულ ყველა მხარის გულწრფელ და აპოლიტიკურ მცდელობებს.

1990-იანი წლებიდან ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას ცდილობდა. ეს ძალისხმევა არსებითად გაიზარდა 11 წლის წინ და დღემდე გრძელდება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ ძალისხმევას, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი :

„საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან 11 წლისთავზე თითოეული ეს სახლი [წეროვანში] გვიყვება ოჯახების, მეგობრების, სახლ-კარისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ამბავს. მაგრამ, ამასთანავე, გვიამბობს სიმამაცის, მეგობრობის, უდრეკი ხალხისა და მათი საყვარელი სამშობლოს სიმტკიცის ისტორიას. შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას და ზრუნვას იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, რათა მათ შინ უსაფრთხოდ დაბრუნებამდე ღირსეულად განაგრძონ აქ ცხოვრება“, – აცხადებს ელიზაბეთ რუდი.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)