ოპოზიცია – ვოლსკის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე: „კლინიკური იდიოტიზმი“

ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას „კლინიკური იდიოტიზმად“ აფასებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აღნიშნავენ, ეს არ არის მხოლოდ გია ვოლსკის მოსაზრება, ის ახმოვანებს ხელისუფლების სრული სპექტრის აზრს, რაც სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გზავნილებსა და რუსულ რიტორიკას. 

გრიგოლ ვაშაძე:

„ვცდილობ ამ პიროვნებას სოკოსავით რომ არის ამოსული შევარდნაძის რეჟიმის მოსახსენიებლად, პასუხი გავცე ისე, რომ პირადული შეურაცხყოფა არ მივაყენო და თან მივანიშნო, რომ  იდიოტიზმი რა თქმა უნდა ცოდვა არ არის, მაგრამ ამის ყოველდღე ტელევიზორში დემონსტრირება საჭირო ნამდვილად არ არის, იმიტომ რომე ეს არის კლინიკური იდიოტიზმი, რასაც ეს ადამიანი და მასთან ერთად "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული ხალხი ლაპარაკობს. ზუსტად ასევე ყველას შეუძლია, მას უთხრას, ის რომ სახელმწიფოს რომელიღაც სამინისტროში რომ მუშაობდა, მაშინ ის აგრესიები ვისი მოწყობილი იყო, საქართველოს ხელისუფლების? კოშმარია, რომ ვიღაცა ამ ტიპებს საერთოდ უშვებს ინტერნეტთან, რომ თავის ბოდვა გამოთქვან და რუსეთს კიდევ მიაწოდონ ამუნიცია. ასეთი ხელისუფლება გვყავს რაც გვყავს, აუცილებლად გავყრით ამათ არჩევნების გზით იმიტომ რომ აუტანელია უკვე ამათი მარაზმი“.

სალომე სამადაშვილი:

„2008 წლის სამხედრო ინტერვენციის მთავარი ამოცანა იყო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა. პროდასავლური და დემოკრატიული მთავრობის ჩამოშლა. სამწუხაროდ ის, რაც 2008 წელს ომით ვერ მოახერხა რუსეთმა წარმატებით განახორციელა 2012 წელს, როცა ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა იმ ძალამ რომელსაც წარმოადგენს ვოლსკი. ამიტომ არაფერს მოველით მისგან ან "ქართული ოცნების" რომელიმე სხვა წარმომადგენლისა, გარდა იმისა, რომ გაიმეორებენ სიტყვა-სიტყვით იმ გზავნილებს, რა გზავნილებითაც საუბრობს რუსეთი, კრემლი და პუტინი 2008 წლის ომის თაობაზე, ეს არის პირდაპირ კრემლის გზავნილები და ლოგიკურია, რომ ბატონი ვოლსკი იმეორებს ამ გზავნილებს“.

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე:

"ნებისმიერი განცხადება, რომელიც ქართულ მხარეს, თუნდაც წინა ხელისუფლებას, მნიშვნელობა არ აქვს, ქართულ სახელმწიფოს ადანაშაულებს იმაში, რომ ის მონაწილეობდა რაღაც ფორმით აგრესიაში ან ოკუპაციაში და ოკუპანტი და აგრესორი არის საქართველო და არა რუსეთი. ნებისმიერი ასეთი განცხადება ეს არის პირდაპირი დაზიანება ჩვენი მთავარი ამოცანის - ეს არის ქვეყნის გამთლიანება. ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" აგრძელებს ამ თემით მანიპულირებას, აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას და ქვეყნის მომავლის ნგრევას ამ კონკრეტული საკითხი".

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია:

„დღეს არის დღე, როდესაც 11 წელი გავიდა რუსული აგრესიიდან, დღეს არის დღე, როცა ყველა, ჩემი აზრით, პასუხისმგებლის მქონე  საქართველოს მოქალაქე და მით უმეტეს პოლიტიკური ძალა, პატივს მიაგებდეს ხსოვნას ჩვენი ჯარისკაცების, პოლიციელების, ყველასი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას, ვინც მისცა საქართველოს შანსი და დრო, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით თავი დაეცვა რუსული აგრესიისგან, რომლის ამოცანაც იყო ქართული სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის მოსპობა. ამის ნაცვლად, დღეს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი, რომელმაც მორიგი სამარცხვინო, ამაზრზენი ფურცელი ჩაწერა საკუთარ პოლიტიკური ბიოგრაფიაში და ეს დღე გამოიყენა არა ამ ხსოვნის პატივისცემისთვის, არა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი გზავნილისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ბინძური ცილისწამების უზნეო კამპანიისთვის, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გამოყენებით“. 

ცნობისთვის: გუშინ გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სააკაშვილის რეჟიმმა ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭები, განზრახ გაწირა და საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა“.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp