"ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, 2008 წელს პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა"

ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორიაა მთელი საქართველოს არსებობის მაძილზე, ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი, - ასე ეხმიანება საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ–საქართველოს ომის მე– 11 წლისთავს.

როგორც სააკასაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში აცხადებს, "ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, 2008 წელს პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა".

„დღეს სრულდება 11 წელი, მას შემდეგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, პუტინი საქართველოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით სრულმაშტაბიანად დაესხა თავს . ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მაძილზე, ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მასშტაბით, არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავისი ქვეყანა.

ეს არის ნამდვილი გმირობა, იმიტომ რომ 2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და მათ ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევით და ჩვენი ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით. [...] მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რა თქმა უნდა, მე კარგად მახსოვს ყოველი გოჯი ქართული მიწის, ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში, შიდა ქართლში, რომელიც გაანადგურეს ოკუპანტებმა“, - აცხადებს სააკაშვილი. 

მისივე შეფასებით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერით მოვიდა. 

"ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ივანიშვილის მიზანია საქართველოს ეკონომიკური განადგურება, საქართველოს და ხალხის მასობრივად გაყრა უცხოეთში, დემოკრატიის ნიშანსვეტის მოსპობაც ამავე დროს. [...] ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, ამ შიდა მე-5 კოლონის, ამ მტრის, „ნამესნიკის“ ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებისგან. ის, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2012 წელს პოლიტიკოსებმა, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები, მე მინდა მათ მივესალმო, მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გარისკა 20 ივნისს, ვინც დაკარგა მხედველობა, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ არ დაიხია უკან, ვინც დაკარგა თავისუფლება, ახლა იმყოფება ციხეებში - ყველაფერი გამოგვივა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს შინდისის გმირების სისხლი, ანწეუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა“, - განაცხადა სააკაშვილმა. 


ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp