“რუსეთი ოკუპანტია” დედაქალაქის მერიას მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას სთხოვს

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” თბილისის მერიას მიმართავს, დედაქალაქში მდებარე მოსკოვის გამზირს სახელი გადაარქვას. 

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის მე–11 წლისთავთან დაკავშირებით “რუსეთი ოკუპანტიამ” მოსკოვის გამზირზე აქცია-პერფორმანსი გამართა. სამოქალაქო აქტივისტებმა გამზირზე მიიტანეს აბრები, რომლებზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 170 მეომრის სახელები და გვარები იყო დატანილი. აქციის მონაწილეებს სურთ, მოსკოვის გამზირს ომში დაღუპული 170 მეომარიდან ერთ–ერთის სახელი ეწოდოს. 

ამავე მოთხოვნით მოძრაობამ მერიას ერთი წლის წინაც მიმართა.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp