"ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, ეს ძალა არის "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი სააკაშვილი"

მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის მე–11 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ოკუპაციას ჰყავს ავტორი, რომელიც იდენტიფიცირებულია".

"დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამდეროვე საქართველოს ისტორიაში. რუსული ოკუპაცია არის მოუშუშებელი იარა ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ვიდრე ქართველს პირში სული უდგას, ის არასდროს შეეგუება ამ ვითარებას. ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია - რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია - ეს ძალა არის ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია", - წერს ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია „ამ მტრულ ძალასთან" იყო შეცდომა.

მისივე თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის იდეოლოგების განცხადებები, რომ თითქოს აგვისტოს ომის ხარჯზე საქართველომ ამოისუნთქა.

"არადა, ეს მათ ამოისუნთქეს საქართველოს ხარჯზე, როდესაც საგარეო აგრესიის ფონზე გაყალბებული არჩევნებით შერყეული ლეგიტიმაცია გაიმყარეს. ეს მათ ამოისუნთქეს ქართული ტერიტორიების, დაღვრილი სისხლის, ჩვენი გმირი მებრძოლების, გაუბედურებული ოჯახების, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი მოსახლეობის, კოდორის და ახალგორის ხარჯზე, როდესაც ჯერ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს, ხოლო მაშინდელი ოპოზიციის ფაქტიურ კაპიტულაციას აგრესორის მიმართ საკუთარი კაპიტულაცია დააშენეს და ტაბუ დაადეს საკუთარ ღალატს და სიმხდალეს. მაგრამ იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!

ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება!", - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp