რატომ აკონტროლებს მოსკოვი ოსურ და აფხაზურ უშიშროებებს განსხვავებულად

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას უშიშროების დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად ოლეგ შირანის დანიშნვის შესახებ.  

„ესოდენ სერიოზული უწყება დიდი ხნის განმავლობაში ვერ დარჩებოდა მუდმივი ხელმძღვანელის გარეშე. მადლობას ვუხდი ოფიცერთა შემადგენლობას მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობის გამო და გამოვთქვამ რწმენას, რომ შირანის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კომიტეტი ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების ეფექტურად უზრუნველყოფას გააგრძელებს“, – განაცხადა ბიბილოვმა შირანის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.

ოლეგ შირანს რიაზანის საჰაერო–სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი აქვს დამთავრებული, ხოლო შემდეგ – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აკადემია. იგი წლების განმავლობაში მსახურობდა ФСБ–ში სხვადასხვა ოპერატიულ და ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

ოლეგ შირანის წინამორბედი – მიხეილ შაბანოვი გასული წლის 13 სექტემბერს თანამდებობიდან ტრადიციული საპატიო გაცილებისა და მიზეზების განმარტების გარეშე გაუშვეს. მაშინ ოკუპირებულ რეგიონში სხვადასხვა ვერსიები განიხილებოდა. მათგან ერთ–ერთის მიხედვით, თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად იქცა ის, რომ შაბანმა ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ექს–პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის აქტიურობა ვერ აღკვეთა.

ფორმალურად, ოსური უშიშროების ხელმძღვანელს დე ფაქტო პრეზიდენტი ნიშნავს, ფაქტობრივად კი, მას მოსკოვი აგზავნის. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელისა და თავდაცვის დე ფაქტო მინისტრის მოსკოვიდან დანიშნვის პრაქტიკა ედუარდ კოკოითის მმართველობის პერიოდში დაიწყო. ამასთან, როგორც კოკოითის იმჟამინდელი გარემოცვის წევრები ამბობენ, ეს საკადრო სქემა მისთვის კრემლიდან თავს არავის მოუხვევია: „იმ დროისთვის სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ მომძლავრებულ თბილისთან კონფლიქტის შიშით კოკოითს სურდა, ძალოვანი უწყებებისა და უშიშროების ორგანოების დონე აემაღლებინა ნიშნულამდე, რომელიც შესაძლო საფრთხის ადეკვატური იქნებოდა, ამიტომაც თავად მიმართა რუსეთს თხოვნით, ცხინვალში ეგზავნა გადამდგარი, თუმცა ჯერ კიდევ ენერგიული და მუშაობის სურვილის მქონე სამხედროები და ФСБ-ს თანამშრომლები, რათა ამ უკანასკნელებს ოსური ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობის კვალიფიკაცია აემაღლებინათ და აღნიშნული უწყებების მუშაობის ორგანიზება განეხორციელებინათ. რუსეთიც დასთანხმდა“.

„როგორც ჩანს, სწორედ ამ პრაქტიკის დაწყება შეიძლება, ჩაითვალოს ათვლის წერტილად, როცა მოსკოვი კონფლიქტის ზონაში ერთგვარი რეფერი აღარ იყო და ოსური მხარის მოკავშირედ იქცა. ცხინვალში წარგზავნილი რუსი სპეციალისტები დაინტერესებულები აღმოჩნდნენ ამ მუშაობით: პოლკოვნიკებს მალევე გენერლის ვარსკვლავებს ანიჭებდნენ და მათთან ერთად რუსეთში შესაბამის პენსიებსაც უნიშნავდნენ. ზოგიერთი მათგანი რესპუბლიკაში ამ მივლინების შემდეგ კარიერას რუსეთში აგრძელებდა და მათთვის ცხინვალი კარიერული ზრდის თვალსაზრისით ერთგვარ ტრამპლინადაც იქცა. სხვა საკითხია, რომ რესპუბლიკის აღიარებისა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შემდეგ ამ პრაქტიკის აუცილებლობა მოიხსნა, ყოველ შემთხვევაში – მისი პირვანდელი შინაარსით და მოსკოვმა ფუნქციების ნაწილზე უარი განაცხადა. მაგალითად, უარი თქვა სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის პორტფელზე, მით უფრო, რომ იმ დროისთვის თავად ამ უწყებისგანაც აღარაფერი რჩებოდა. აი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი კი კვლავინდებურად მოსკოვის პატრონაჟის ქვეშაა და როგორც ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, აქ საქმე არა მარტო რესპუბლიკის უსაფრთხოებაშია, არა მარტო ოპერატიულ სივრცში, რომელიც ცხინვალის სამხრეთ გარეუბნებიდან იშლება, არამედ შიდა პოლიტიკური სიტუაციის კონტროლის შესაძლებლობაშიც: უშიშროების კომიტეტი ყველა პოლიტიკოსს, ჩინოსანს, საზოგადო მოღვაწეს თუ ბიზნესმენს აკონტროლებს, შესაბამისად, მთელი ინფორმაცია შეფთან გროვდება, მისგან კი – მოსკოვში“, – წერს ამასთან დაკავშირებით „ეხო კავკაზას“ ადგილობრივი ანალიტიკოსი მურატ გუკემუხოვი.

იგი პარალელს საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონთან – აფხაზეთთან ავლებს და აღნიშნავს, რომ იქ ამ მხრივ განსხვავებული სიტუაციაა: 

„აფხაზეთში მოსკოვის წარმომადგენლები ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში მოადგილის თანამდებობას არასოდეს ასცდენიან და შესაბამისად, კონტროლის დონეც განსხვავებულია. ექსპერტები ამ სხვაობას ასე ხსნიან: საბჭოთა დროს სამხრეთ ოსეთში უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის საოლქო სამმართველო მოქმედებდა, რომლისგანაც 1992 წლის გაზაფხულისთვის თითქმის აღარაფერი დარჩა – სულ რამდენიმე თანამშრომელი შემდგომში გაპრეზიდენტებული ლეონიდ თიბილოვის თაოსნობით. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კი საბჭოთა დროს ბევრად უფრო მძლავრი სტრუქტურა მოქმედებდა – უბრალოდ ავტონომიის განსხვავებული სტატუსის გამო. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთში მხოლოდ კოლმეურნეობები იყო, აფხაზეთში კი – ზღვა, ერთის მხრივ – სახელმწიფო საზღვარი ნატოურ თურქეთთან, მეორეს მხრივ – კურორტები, რომელზეც პარტიული ელიტა ისვენებდა, შესაბამისად, სტრუქტურული ერთეულების ამოცანებიც სულ სხვა დონის იყო. ამიტომაც, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ის ნაწილი, რომელიც სოხუმის მხარეს გადავიდა, საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რათა სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოყალიბებულიყო. ექსპერტების აზრით, სწორედ აქედან გამომდინარეობს საპარტნიორო სტრუქტურებზე მოსკოვის დღევანდელი კონტროლის დონეც:  როდესაც კურატორები ცხინვალში ჩადიან, ისინი სასაუბროდ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს სტუმრობენ, სოხუმში – არა“, – დასძენს გუკემუხოვი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp