ხელისუფლება აგვისტოს ომის წლისთავს ეხმიანება: „სააკაშვილის მთავრობა უფრო განზრახ წამოეგო რუსულ პროვოკაციას“

საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები რუსეთ –საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე–11 წლისთავს ეხმიანებიან და ოკუპაციის თანაავტორად “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასა” და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ. მათივე თქმით, „სააკაშვილის ხელისუფლება უფრო განზრახ წამოეგო რუსულ პროვოკაციას“.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი:

"დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. რუსული ოკუპაცია არის მოუშუშებელი იარა ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ვიდრე ქართველს პირში სული უდგას, ის არასდროს შეეგუება ამ ვითარებას. ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია - რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია - ეს ძალა არის ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია.

ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის იდეოლოგების განცხადებები, რომ თითქოს აგვისტოს ომის ხარჯზე საქართველომ ამოისუნთქა, არადა, ეს მათ ამოისუნთქეს საქართველოს ხარჯზე, როდესაც საგარეო აგრესიის ფონზე გაყალბებული არჩევნებით შერყეული ლეგიტიმაცია გაიმყარეს. ეს მათ ამოისუნთქეს ქართული ტერიტორიების, დაღვრილი სისხლის, ჩვენი გმირი მებრძოლების, გაუბედურებული ოჯახების, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი მოსახლეობის, კოდორის და ახალგორის ხარჯზე, როდესაც ჯერ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს, ხოლო მაშინდელი ოპოზიციის ფაქტიურ კაპიტულაციას აგრესორის მიმართ საკუთარი კაპიტულაცია დააშენეს და ტაბუ დაადეს საკუთარ ღალატს და სიმხდალეს.

მაგრამ იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!

ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება”.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე:

„არსებობს რამდენიმე უდავო ფაქტი:

1. რუსეთი ოკუპანტია!

2. საქართველოში ომი 2008 წელს დაიწყო რუსეთმა, ის შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე!

3. ჩვენი ბიჭები, რომლებიც ამ ომში იბრძოდნენ, არიან გმირები!

4. ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება!

5. სააკაშვილის ხელისუფლება (განზრახ თუ გაუფრთხილებლობით, უფრო განზრახ) წამოეგო რუსულ პროვოკაციას და შედეგად დაიკარგა ტერიტორიები, დაგვეღუპა ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე და რამდენიმე ათასი იქცა დევნილად.

6. რუსეთ-საქართველოს ომამდე სააკაშვილმა კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი, ხოლო 2010 წლის 10 მაისის ბრძანებულებით სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შექმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც ამავე ბრძანებულებაში უწოდა ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი’’. შესაბამისად დაადგინა მისი საბჭოთა კავშირის დროინდელი ე.წ. საზღვრებიც.

7. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 8 აგვისტომდე ომის დაწყებას სეპარატისტულ რეჟიმს აბრალებდნენ და რუსეთს ხელს აფარებდნენ.

8. სააკაშვილმა 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულებაში ჩაწერა, რომ რუსული ტექნიკა და რუსი სამხედროები საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდნენ, ხოლო მასირებული შეტევა 7-8 აგვისტოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა სეპარატისტების მიერ.

9. ნაცვლად იმისა, რომ რუსული სამხედრო აგრესიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე გადასულიყო, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველო ჩაერთო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში.

10. ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ომის დღეებში, მიმდინარე მოვლენებზე გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა რუსეთის მოთხოვნით.

11. 2008 წლის 2 ოქტომბერს ნაცებმა ევროპარლამენტში ხმა მისცეს რეზოლუციას, რომლის მე-5 პუნქტი იყო სუფთა რუსული ნარატივი.

12. ნაცების ნებისმიერი აქტივობა რუსულ თემასთან დაკავშირებით მთავრდება ისეთი შედეგით, რომელიც აწყობს მხოლოდ რუსეთს, აზიანებს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს, აღრმავებს ოკუპაციის პრობლემას.

13. ასეთი აქტივობები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც საქართველოში არ შედგა ,,გავრილოვის რევოლუცია’’.

14. რამდენჯერაც ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური პრობლემები შეექმნა (მათ შორის ლეგიტიმაციის - 2008 წლის იანვრის არჩევნების შემდეგ), იმდენჯერ გააქტიურდა რუსეთი ან რუსული თემა.

15. არ ყოფილა 2003-2012 წლებში ოპოზიციური აქტივობა, რომელსაც ნაცებმა არ მიაკერეს რუსული იარლიყი.

16. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ნაცების მიერ მხილებული პოლიტიკოსები დღეს მათ მხარდამხარ იბრძვიან და ცდილობენ ეს იარლიყი ,,ქართულ ოცნებას’’ მიაკერონ.

17. ევროპარლამენტმა რეზოლუცია ოკუპაციის შესახებ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით პირველად 2018 წელს მიიღო.

18. როგორც ჩანს, 2008 წლის ომის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია ნაცების შიდა საუბრების შესახებ, რომ მათ ამოისუნთქეს ამ ომით, არის მართალი, - შოთა უტიაშვილი და გიგა ბოკერია დღესაც იგივე ფრაზას იმეორებენ.

19. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სხვა შედეგი - საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა და ამაში განსაკუთრებულ როლს ჩვენთან ერთად ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეასრულებენ!“

"ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე:

„ამ ომს ჰყავს ავტორი, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზეა იდენტიფიცირებული - ეს არის რუსეთი, რომელმაც აბსოლუტურად საერთაშორისო კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების უგულებელყოფით მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია.

მაგრამ ასევე ამ ომს ჰყავს თანაავტორიც, მიუხედავად რუსეთის ამდაგვარი ზრახვისა, დიდი ხნის სურვილისა და ქმედებისა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა საქართველოს მიმართ საომარი რიტორიკა, რომ არა თანაავტორი, ენმ და  მიხეილ სააკაშვილი, ის ამ ზრახვას ვერ აისრულებდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ 2008 წლის შემდეგ გვაქვს უფრო მეტი დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული სოფლები, დაღუპული ადამიანები“.

"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი:

"11 წელი გავიდა! გმირია ყველა, ვინც ამ ომში იბრძოდა, ვინც ბრძოლის ველზე დაეცა.

სამხედროებთან ერთად ომის შედეგად დაიღუპა 228 ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქე, 1 747 დაიჭრა. დევნილების რაოდენობას კიდევ 30 000-მდე ადამიანი დაემატა, მათ ყველაფერი დაკარგეს!

ამ შედეგებზე პასუხისმგებელი პირები დღესაც ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას და „ანტისაოკუპაციო“ ლოზუნგებსაც გაიძახიან. რაც ყველაზე სამწუხაროა, იმ ადამიანების აყოლიებასაც ახერხებენ, ვისაც არ ახსოვს ეს მოვლენები:

1. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა;

2. წაგებისათვის გაწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები;

3. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები;

4. განზრახ გაწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;

5. რვა აგვისტოს ჩათვლით არ აღიარებდა რუსეთის მონაწილეობას აგრესიაში, არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო ვითარების შესახებ;

6. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს “ოპერაცია” და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით;

7. აგრესორს შეუქმნა შემოჭრისთვის თავის მართლების საფუძველი;

8. „მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის” აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე;

9. იმავე წელს, თავადვე დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობა დაბომბვამ, ხოლო რუსეთმა საპასუხო ქმედება განახორციელა.

კიდევ რა უნდა გააკეთონ რათა, სულ მცირე, „ანტისაოკუპაციო“ მაინც აღარ უწოდონ მათ და „პროდასავლური“ მათ პოლიტიკას?!“ 

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)