ბიბილოვი: „ახალ ამღიარებელ ქვეყნებს უახლოეს ხანებში შეიტყობთ“

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. „სამხრეთ ოსეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის“ აღიარების გეოგრაფიის გაფართოების მისაღწევად მუშაობას ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა დღეს რუსულ „ტასს“ განუცხადა.  

„საქართველო აქტიურად უწევს წინააღმდეგობას სხვა ქვეყნების მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარებას. თუ რომელიმე ქვეყანაზე წინასწარ მივუთითებთ, თბილისი სასწრაფოდ აგზავნის იქ თავის წარმომადგენლებს, ავრცელებს საპროტესტო ნოტებს და პროცესს ბლოკავს. თუმცა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეუქცევადი პროცესია და იმ ქვეყნების გეოგრაფია, რომლებთანაც ამ მიმართულებით მუშაობას ვაწარმოებთ, საკმაოდ ვრცელია. მარტივად რომ გითხრათ ამ მიმართულებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან ერთდროულად ვმუშაობთ“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, სამომავლო აღიარებად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რუსეთი: 

"ჩვენს რუს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უახლოეს მომავალში ვიხილავთ ახალ ქვეყნებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ“. 

ცნობისთვის: 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა სოხუმისა და ცხინვალის ე.წ.  დამოუკიდებლობა აღიარა. შემდგომში მას ნიკარაგუამ, ვენესუელამ,  ნაურუმ, ვანუატუმ, ტუვალუმ მიჰბაძეს, 2018 წლის 29 მაისს კი მათი ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა სირიამაც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)