"ჩვენი ერის კონსოლიდაციით საქართველოს სრულ დეოკუპაციას მივაღწევთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, "ერის კონსოლიდაციით საქართველოს სრული დეოკუპაცია მოხდება". 

„11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართული სოფლის განადგურება და ათეულობით ათასი დევნილი მოქალაქე. ამ ომმა შეიწირა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და დაგვიტოვა მოუშუშებელი ტკივილი.

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი.

სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი;

ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებით და მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას.

პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირების უკვდავ სახელებს. დიდება გმირებს“, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ბახტაძე.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp