ახალი გზა რუსეთისკენ: რა მეტია - სარგებელი, ზიანი თუ რისკი?

მომავალ წელს საქართველოში რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება ნახევარ მლრდ დოლარს შეადგენს. მცხეთა– სტეფანწმინდა–ლარსის გზის 23–კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისთვის 415 მლნ დოლარს თბილისს აზიის განვითარების ბანკი გამოუყოფს, 86 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტს – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, დარჩენილი თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან დაიფარება. 559 მლნ დოლარიანი პროექტის მიხედვით, გზა ახალი მარშრუტით ხადას ხეობით გაივლის. მონაკვეთი მოიცავს 9–კილომეტრიან გვირაბსა და თანამედროვე ჭაღოვან ხიდს მდინარე ხადისწყალზე. გარდა ამ ნაგებობებისა, გზაზე განთავსდება კიდევ ოთხი გვირაბი და შედარებით მცირე ზომის ხუთი ხიდი. პროექტის რეალიზატორი კომპანიები ჯერ არ დასახელებულან.

„სამხედრო გზა საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე საშიშ გზად ითვლება. რთული კლიმატური პირობების გამო  იგი წელიწადში, სულ მცირე, 40 დღის განმავლობაში დაკეტილია. ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნით წელიწადში საშუალოდ 3,5 ათასი სატრანსპორტო საშუალება სარგებლობს და უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეს ციფრი სავარაუდოდ, გაორმაგდება“, – ნათქვამია ოფიციალურ პრეს–რელიზში.

ახალი ავტომაგისტრალის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ამასწინანდელ გამოსვლაში პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ:

„საქართველოს განვითარებისთვის ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული მონაკვეთი, ყველაზე რთული საინჟინრო თვალსაზრისით. ეს არა უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტია, სწორედ მსგავსი მასშტაბებისა და მნიშვნელობის პროექტების რეალიზების შედეგად შევძლებთ ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას. გარდა ამისა, ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ტურისტული ცენტრის პოზიციონირებას“.

თუმცა საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი უკანასკნელ მოსაზრებას არ იზიარებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ხსენებული ტრასის ხადას ხეობის უნიკალურ, პრაქტიკულად ხელუხლებელ ბუნებაში გაყვანა მაღალმთიანი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს:

„ხადას ხეობაში ტურისტული პოტენციალის რეალიზებისთვის პრაქტიკულად ყველაფერია: არქიტექტურის უნიკალური ძეგლები,  უამრავი უნიკალური წყარო, ფლორისა და ფაუნის იშვიათი სახეობები... ვფიქრობ, მინიმალური ძალისხმევის შედეგადაც კი ხეობა შეგვიძლია, ეკოტურიზმის ოაზისად ვაქციოთ, რომელიც სეზონის განმავლობაში 20–30 000 ადამიანის მიღებას შეძლებს. საქართველოს  ტურისტული სექტორი, ისევე, როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორები ყოველთვის განიხილავდნენ ამ ტერიტორიას უნიკალურ ადგილად ტურიზმის განვითარებისთვის. გარდა ამისა, პროექტის რეალიზების შემთხვევაში გუდაური საზაფხულო კურორტის სტატუსს დაკარგავს, რადგან ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც წლის ამ პერიოდში ტურისტების დაინტერესებას შეძლებს. მთავრობამ არგუმენტირებულად უნდა დაამტკიცოს, რომ ტრასის გაყვანა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ტურისტული მიმზიდველობის დაკარგვის სავარაუდო ზიანი. ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბოლო შეხვედრებზე საკითხი გადაჭრით დავაყენეთ, თუმცა ვერ მივიღეთ მკაფიო პასუხი კითხვაზე, ვის მიერაა რეკომენდებული და რამდენად დასაბუთებულია ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ძალზე საეჭვო პროექტი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia“-ს ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხსენებული გზა მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძის პოზიციონირების თვალსაზრისით, თუმცა პროექტის მიზანშეწონილობას მაინც დიდ ეჭვქვეშ აყენებს:  

„რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარება ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემი აზრით, ჩრდილოეთ მიმართულების პრიორიტეტზე მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძის განვითარებაა. დასავლეთის მიმართულებით ჩვენი პორტებისკენ ზოგიერთ მონაკვეთს დაბალი გამტარუნარიანობა ახასიათებს, რის გამოც ბევრი რუსეთის და შემდეგ ბელარუსის გავლით დასავლეთში საქონლის ტრანზიტს ანიჭებს უპირატესობას. სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები საქართველოში არა ერთიანი სტრატეგიით, არამედ ქაოტურად, ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ მიიღება. ასეა აქაც, გაუგებარია,  რატომ უნდა გადაიჭრას პრობლემა ერთი მონაკვეთის მეორეთი ჩანაცვლებით, თუ კობიდან ლარსამდე მონაკვეთი, სადაც ზამთრის პერიოდში ზვავსაშიშროებაა, მაინც მოუწესრიგებელი რჩება. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ყელს, რომელიც გზის გამტარუნარიანობას არ გაზრდის. მთავრობის ფრაგმენტარული და არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკა სახსრების კოლოსალური ხარჯვის ფონზე სასურველ შედეგს არ მოიტანს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი კი ავტომაგისტრალის გაყვანასთან დაკავშირებით ეკოზიანის გარდა, პოლიტიკურ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„დაუშვებელია პროექტის განხილვა სხვადასხვა ასპექტებისგან მოწყვეტილად. უპირველესად, პროექტი დაუსაბუთებელია ფინანსური თვალსაზრისით – ამ გზის ღირებულება მსოფლიო პრაქტიკიდან ყველაზე ძვირადღირებულ მაგალითებს აჭარბებს, რაც საერთაშორისო მასშტაბებში ფულის გათეთრების ეჭვებს ბადებს. ამასთანავე, პროექტს არ ახლავს გარემოზე ზემოქმედების დასკვნა და არ არსებობს არსებული მაგისტრალის ძირფესვიანი მოდერნიზების არანაირი ალტერნატიული ვარიანტი. შეიძლება, ითქვას, გზა ანადგურებს ხეობის უნიკალურ, ხელუხლებელ ბუნებრივ ლანდშაფტს. დიდ რისკებს შეიცავს სამი მძინარე ვულკანის არსებობაც. დაამატეთ ამას გარემოს გამონაბოლქვი გაზებით დაბინძურება და მივიღებთ სავალალო სურათს. და მთავარი – არავინ გვიხსნის, რაში გვჭირდება ურთიერთობების დარეგულირებამდე ახალი მაგისტრალი ოკუპანტ სახელმწიფოსთან დასაკავშირებლად, რომელიც პერსპექტივაში აგრესიის ახალი აქტისთვის დამატებით დერეფანს მიიღებს“.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ ამ პროექტის ცალსახად ნეგატიურად შეფასება დაუშვებელია, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ იგი რისკებს არ შეიცავს. იგი ამ მხრივ რუსეთზე დამოკიდებულებისკიდევუფრო მეტად გაზრდის რისკზე ამახვილებს ყურადღებას:

„ნებისმიერ ასეთ პროექტს, პირველ რიგში, ეკონომიკური სარგებელი უნდა ახლდეს ქვეყნისათვის. შესაძლებელია, მთავრობა ელოდება რუსეთის ფედერაციასთან ტვირთბრუნვის, ან სომხეთის მიმართულებით ტრანზიტის გაზრდას. გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ მონაცემებს არ ვიცნობ, რთულია, შევაფასო ამ პროექტის კონკრეტული სარგებელი. თუ არსებობს მოლოდინი ტვირთბრუნვის გაზრდის, თავისუფალი საბაზრო ეკონიმიკის ქვეყნისათვის ადამიანს ვერ აუკრძალავ, რუსეთში არ გაიტანოს პროდუქცია, მაგრამ ხომ არ იქნებოდა უკეთესი, ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნის განვითარების ნაცვლად, ხელისუფლებას აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფნის  განვითარებაზე ეფიქრა?... ამასთანავე, როდესაც ასეთი პროექტი იწყება, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, კიდევ უფრო მეტად ხომ არ გაზრდის ეს საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე? როცა საქმე ეხება რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობას, ყოველთვის არის საუბარი არა მარტო პოლიტიკურ, არამედ სამხედრო რისკებზე. უსაფრთხოების კუთხით რომ შევხედოთ, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გვაქვს ბევრი რუსული სამხედრო ბაზა  და შესაბამისად, რუსეთის საკმარისზე მეტი წარმოდგენილობა საიმისოდ, რომ იგი ჩვენთვის მუდმივ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე, სამხედრო რისკებზე საუბარი გარკვეულწილად გადაჭარბებული მგონია: ძნელი წარმოსადგენია, ამ პროექტმა კიდევ უფრო დაამძიმოს ისედაც მძიმე ვითარება. ამგვარად, ამ პროექტის ცალსახად ნეგატიურად შეფასება, როცა ძალიან ბევრი მონაცემი, გათვლა და მოლოდინი არ ვიცით, არ იქნება მიზანშეწონილი, თუმცა ვერც რისკების არარსებობაზე ვისაუბრებთ. მთავარია, ეს ყველაფერი ჭკვიანურად იყოს გამოყენებული. თუ სარგებელი აღემატება რისკებს, შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ ეს არის პოზიტიური პროექტი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ არ მოხდეს დამატებითი ეკონომიკური ბერკეტის გაჩენა რუსეთის ხელში, ან თუ მოხდება ეს, ჩვენ უნდა შეგვეძლოს კონტრზომების მიღება. თუმცა დღეს რასაც ვუყურებთ, არის ის, რომ შესაძლოა, გაგვაჩნდეს ბერკეტები, იგივე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობაში და მას არ ვიყენებთ. მაგალითად, ფრენების აკრძალვას შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ქართული მხარის მხრიდან რეაგირება ICAO–ში,  პროდუქტის აკრძალვაზე მსჯელობას  – მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ასეთი პროაქტიურობა არ ახასიათებს ქართულ დიპლომატიას და არ ვიცი, რა მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამაზე ალბათ, თვითონ ექნებათ უკეთესი პასუხი“, – განუცხადა „აქცენტს“ გობრონიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსთავი 2"–ის 60%–იანი წილი დაყადაღდა