ბრიტანეთის ელჩი: "ეს ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ, თუმცა როდესაც მომავალზე საუბრობენ, მავთულხლართები ქრება"

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის თავზე, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი სოციალურ ქსელში წერს.

ჯასთინ მაქენზი სმითი საოკუპაციო ხაზთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს და წერს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ბავშვებს მავთულხლართებთან უწევთ ცხოვრება.

„ეს ბავშვები რუსული მავთულხლართების გვერდით ცხოვრობენ, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობა ორად დაყო. თუმცა როდესაც ისინი მომავალზე საუბრობენ, მავთულხლართები ქრება.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლის თავზე, ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მშვიდობას“, – წერს ჯასთინ მაქენზი სმითი.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)