როგორ გადმოიტანეს 300 მილიონი აზერბაიჯანიდან – 2008 წლის აგვისტოს მოვლენები

პარლამენტთან აქცია "სირცხვილი" 7 აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს დაეთმო. გამომსვლელები კონკრეტულ ისტორიებს იხსენებდნენ, მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მან ერთი ეპიზოდი გაიხსენა. კერძოდ, ისტორია ეხება 2008 წლის 10 აგვისტოს, როდესაც გასაგები მიზეზების გამო მოქალაქეებს ბანკებიდან ანაბრები მასობრივად გაჰქონდათ და ქვეყანაში ფულის დეფიციტი გაჩნდა. როგორც ქადაგიძე ყვება, უფულოდ დარჩენილი კერძო ბანკები დახმარებას ეროვნული ბანკიდან ელოდნენ, ეროვნულმა ბანკმა კი იმის გამო, რომ პანიკა არ შექმნილიყო, ისინი დააიმედა – უთხრა, რომ საცავში ფული ინახებოდა.

"რუსეთის აგრესიის მერე, პირველი, რაც მოხდა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რაც საკმაოდ ბუნებრივი რეაქციაა, ადამიანებმა მიაკითხეს ბანკებს და დაიწყეს ანაბრების გამოტანა, რამაც გამოიწვია ის, რომ გაჩნდა ძალიან დიდი დეფიციტი ბანკნოტების და საჭირო გახდა ქვეყანაში სასწრაფოდ ფულის ჩამოტანა. ჩვენ შევუკვეთეთ მაშინ ფული, იმისთვის, რომ ბანკები მოგვემარაგენინა. საუბარია, 300 მილიონ დოლარზე. ბანკებს, ცხადია, არ ვეუბნებით - ვუთხარით, რომ სავსე გვაქვს საცავები და ყველას შეგეძლებათ ხვალ დილიდან წაიღოთ თანხა და დააკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნა იმისთვის, რომ არ იყოს პანიკა. ორი საინკასაციო მანქანა გადავიდა ღამე ჩუმად აზერბაიჯანში, დახვდა ბაქოში 300 მილიონი დოლარს და ჩუმად მოდის თბილისში - თითო საინკასაციო მანქანა დატვირთული ამ უზარმაზარი თანხით.

არადაკავშირებული საინკასაციო საქმიანობასთან, ჩავსვით საინკასაციო მანქანაში, მივეცით მას სპეციალური ტელეფონი და ვუთხარით, რომ შენ დაგვირეკავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც პრობლემაა. დაახლოებით, 3-ის ნახევარზე რეკავს ეს ტელეფონი. ვუპასუხე და მან თქვა, რომ დაახლოებით, 100 კმ-ში ვდგევართ აზერბაიჯანის მხარეს, საზღვრის პირას და ერთ-ერთი მანქანა გაფუჭდა, გარშემო კი არაფერი არ არის. მოგვიწია თბილისიდან გაგზავნა ახალი ინკასაციის მანქანის და დილის 4 საათზე 6-მა ინკასატორმა დაცალა ერთი მანქანა სავსე უზარმაზარი რაოდენობის ბანკნოტით, დატვირთა ახალი მანქანა, დაადო ლუქი და უსაფრთხოდ ჩამოიყვანა ეს მანქანები თბილისში.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რუსეთს ვამარცხებთ, გვინდა განვითარებული ევროპული სახელმწიფო, ესაა გმირობა, რომ ადამიანი, რომელსაც 700-800 ლარი აქვს ხელფასი, მზადაა, ასეთი ოპერაცია გააკეთოს დილის 4 საათზე ისე, რომ არც დაებადოს განსხვავებული აზრი,“ - ამბობს ქადაგიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს