"გავრილოვი-ბოკერიას ხელით რუსების და ქართველების გამთბარი ურთიერთობა დაამსხვრიეს"

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსიდან" ემზარ კვიციანი მორიგ ანტიდასავლურ და პროპაგანდისტულ განცხადებას აკეთებს.  

"20.06.19 - თარიღი, როცა რუსეთის სპეცსამსახურებმა გავრილოვისა და ისევ ნაციონალების (ბოკერია) მეშვეობით უკვე გამთბარი ურთიერთობა რუსებსა და ქართველებს შორის დაამსხვრიეს და ისევ შეძლეს ჩვენი ქვეყნის საზიანო ქმედების წარმატებით დაგვირგვინება!

არც პირველ ავანტურაზე, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა სააკაშვილის ხელით წამოიწყო საქართველოს წინააღმდეგ, რითაც ქართველები და რუსები გადაამტერეს ერთმანეთს დიდი ხნით, არავინ აგო პასუხი და არც ბოლო გავრილოვის თემაზე! ანუ ვინც დღეს მართავს საქართველოს, ისიც თავიდან ბოლომდე ჩარეულია საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში! ვინაა ეს? ა მ ე რ ი კ ა !!! წერტილი”,– აცხადებს კვიციანი. 

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)