The Washington Post: „ტრამპი ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკებების მომხრეა, მაგრამ მრჩევლები ომისკენ უბიძგებენ“

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ირანთან დაძაბული ურთიერთობები დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს, თუმცა მრჩევლები ომისკენ უბიძგებენ, – იუწყება The Washington Post ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

„ტრამპს ურჩევნია, პრობლემა ირანულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის გზით მოაგვაროს, თუმცა პრეზიდენტის ზოგიერთი მრჩეველი მას თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას ურჩევს“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდება, რომელსაც ირანსა და აშშ–ს შორის მედიატორის როლი აკისრია.

როგორც ტრამპმა შეხვედრის გამართვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, იგი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი თეირანთან ომში არ ჩაებმება.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ  ვაშინგტონმა რეგიონში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. გუშინ კი აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია. გუშინვე გერმანიამ და ჰოლანდიამ განაცხადეს, რომ ერაყში სამხედრო მისიას აჩერებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp