"ქართული ოცნების" დეპუტატი: "საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში უპასუხისმგებლობაა"

"ქართული ოცნების" დეპუტატის რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის მე–11  წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "რუსეთის 2008 წლის ომი თავისი უმწვავესი შედეგებით და პოლიტიკური შინაარსით, განურჩევლად ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელსა და მოქალაქეს აკისრებს უკიდურესად ზუსტი შეფასების გაკეთების ვალდებულებას". 

შოთა შალელიშვილის განცხადებით, აქ დაუშვებელია გადახვევა და პარტიული ინტერესებიდან ამოსვლა.

“ომი არ დაუწყია ჩვენს ქვეყანას, სამხედრო ინტერვენციის ავტორი არის მხოლოდ ერთი – ეს მეზობელი სახელმწიფოა. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და გავააანალიზოთ სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, გამოვავლინოთ ამ პროცესზე პასუხისმგებელი პირები და დასაბუთებულად ვამხილოთ მათი გადაწყვეტილებები, თუმცა საკუთარი სახელმწიფოს დადანაშაულება ომის დაწყებაში ან მის პროვოცირებაში – ეს პოლიტიკური უმწიფრობა და უპასუხისმგებლობაა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”, – წერს შალელაშვილი სოციალურ ქსელში.

შალელაშვილი მიიჩნევს, რომ “ვაგვიანებთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას დეოკუპაციისა და დევნილი ხალხის სახლებში ღირსეული დაბრუნებისთვის”.

“უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველომ ღირსეულად იომა ტერიტორიული მთლიანობისთვის და დღეს ქართული მიწის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტის შეძახილებით ჩვენ ვერ მივაღწევთ ეროვნული მნიშვნელობის მქონე სასურველ შედეგებს და თითოეული გასული წელი უფრო და უფრო გვაშორებს ამ უკანასკნელს. როგორც ოკუპაცია, ისე პოსტოკუპაციის პერიოდში მეზობლისგან შექმნილი გამოწვევები და საფრთხეები რეალობაა, რომელსაც სჭირდება სწორი შეფასება და სტრატეგიის შექმნა. თუ ჩვენ დავრჩებით შეძახილების იმედად და ეფექტურად არ გამოვიყენებთ საერთაშორისო სამართალს, დიპლომატიას და სხვა რესურსებს, წლებთან ერთად უფრო დავშორდებით როგორც დეოკუპაციის და სახლებში დაბრუნების პერსპექტივას, ისე ქვეყნის განვითარების შანსებს. დროა, ვიმოქმედოთ დიპლომატიური მექანიზმებით", წერს შალელიშვილი. 

ცნობისთვის: აგვისტოს ომის მე– 11 წლისთავთან დაკავშირებით ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებებში აქცენტი კეთდება როგორც რუსეთის, ისე ქართული მხარის, კერძოდ, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp