"დღევანდელი დღე არის შესაძლებლობა, გავიხედოთ მომავალში, სადაც საქართველო რუსული მავთულხლართებით დაყოფილი არ არის"

დიდი პატივია ჩემთვის, ბრიტანეთის ელჩის რანგში აქ ყოფნა, რათა მოვიგონოთ ის ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს 2008 წლის ომის დროს, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზი სმიტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

„დიდი პატივია, მოვიგონოთ ის ასობით ათასი ადამიანი, რომლებიც იძულებულები გახდნენ, საკუთარი სახლი დაეტოვებინათ 2008 წელს და 90-იანი წლების კონფლიქტის დროს, ასევე ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღესაც უწევთ კონფლიქტის შედეგებთან გამკლავება. ეს ასევე არის შესაძლებლობა, რომ გავიხედოთ მომავალში, სადაც საქართველო არ არის დაყოფილი რუსული მავთულხლართებით, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ერთად, მშვიდად ცხოვრება“, – განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, 2008 წელს ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, ელჩი აცხადებს: „მადლობა შეკითხვისთვის, მაგრამ დღეს იმ ადამიანებს ვიხსენებთ, რომლებიც დაზარალდნენ“.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ზალკალიანი - რასმუსენის წინადადებაზე: „ამაზე ვმუშაობთ“