ავსტრიის ელჩი: "ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის უცნობი"

ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ვგმობთ ოკუპაციას, ომს, რომლის შედეგადაც საქართველო იტანჯება, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ავსტრია გააკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

კითხვაზე ვინ დაიწყო ომი, ელჩმა აღნიშნა: „ეს ძალიან პოლიტიკური განცხადებაა. ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში არის ცუდი ბიჭი. საქართველოში ძალიან პოლარიზებული გარემოა და უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ იბრძოლოს ერთი საკითხისთვის: ევროინტეგრაციისთვის, დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის, რა თქმა უნდა, თავისუფალი მედიისთვის. ვფიქრობ, ძალიან რთულია გამოსავლის პოვნა და ვინმეს დადანაშაულება, რადგან ამას არაფერი მოაქვს და უფრო მნიშვნელოვანია, რომ მომავლისკენ ვიყუროთ. რა თქმა უნდა, ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის უცნობი. ვფიქრობ, რუსეთი არის ის, ვინც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა“.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp