ოკუპანტებმა გუგუტიანთკარის სიახლოვეს ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესი განაახლეს

საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 

„2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი. დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მომდინარე პროცესის სათანადო შეფასებას და რუსეთის ფედერაციისადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას. საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)