აგვისტოს ომი – სააკაშვილი მისი ხელისუფლების შეცდომას ასახელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება შეფასებას, რომ მისი ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პროვოკაციას წამოეგო. ამის შესახებ სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.  

კითხვაზე, "წამოეგო თუ არა სააკაშვილი პროვოკაციას და წააქეზა თუ არა ის რუსეთმა", ექს-პრეზიდენტმა უპასუხა: „ეს სიმართლეს არ არის“. 

„ყირიმის მაგალითმა ცხადად აჩვენა, რომ არსებობს ორი სცენარი: ან მთლიანად ნებდები, ან უბრალოდ იბრძვი. არ არსებობს მესამე სცენარი; როდესაც ისინი [რუსეთის ჯარი] უკვე იქ იმყოფებოდნენ, ვინ დაიწყო ომი?“, - აცხადებს სააკაშვილი. 

ამასთან, სააკაშვილმა ტალიავინის დასკვნაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მან ძალიან ცუდი როლი ითამაშა.

„მათ განაცხადეს, რომ ომი საქართველოდან დაიწყო, თუმცა რუსული ჯარი იმ დროისთვის უკვე იქ იმყოფებოდა. უკაცრავად, რას გულისხმობენ ამაში? რუსეთის სცენარი ძალიან მკაფიო იყო. ეს იყო არტიკულირებული, არა სპეკულირებული. კოკოითმა [სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა] თქვა,”ჩვენ გავასუფთავებთ ხეობებს ბანდიტებისგან”- მათი სცენარი იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ ამ შემოჭრის შენიღბვა ოსური ძალების ადგილობრივების გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირებით სურდათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა: „ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით, ის იყო, რომ ჩვენ მზად არ ვიყავით. ჩვენი შიში ქრონიკული გახდა და ჩვენ მზად არ ვიყავით იმისთვის, რაც მოხდა. ძალიან დაძაბული ვიყავით“.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp