აგვისტოს ომი – რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომს განცხადებით ეხმიანება და საზოგადოებას ტრადიციულად აგვისტოს მოვლენების მისეულ ვერსიას სთავაზობს. კერძოდ, აგრესიაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ "ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო". ეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაზე პასუხსიმგებლობას არა მხოლოდ საქართველო და უკრაინა, რომელმაც საქართველოს ბედი მოგვიანებით გაიზიარა, არამედ ცივილიზებული სამყარო აკისრებს და მისგან ითხოვს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ეს ვალდებულებები რუსეთს, მოწოდებით, რომ გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან, აგვისტოს დღეებშიც არაერთხელ შეახსენეს.     

“ჩვენ გვახსოვს 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ უხეშად დაარღვია ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ქართულმა ძალებმა ცხინვალში მასიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, ისინი ერთნაირად უტევდნენ სამხედრო ობიექტებსა და საცხოვრებელ კორპუსებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, თავდასხმა განხორციელდა რუსი „სამშვიდობოების ბანაკში“, რის შედეგადად ათი რუსი „სამშვიდობო ჯარისკაცი“ დაიღუპა.

„სულ დაიღუპა 48 რუსული ჯარი და დაშავდა - 162. ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო. ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამოძიების საერთაშორისო კომისიის დასკვნაში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის ეგიდით, შვეიცარიის წარმომადგენლის ჰ. ტალიავინის ხელმძღვანელობით და რომელიც 2009 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა,” - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტმენტის განცხადებაში.

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ, აფხაზეთის წინააღმდეგ მსგავსი მოქმედების მომზადებამ, რომელიც ამ ხალხის მიმართ „თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაციას წარმოადგენდა,“ ოსებსა და აფხაზებს არ დაუტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ „თავიანთი უსაფრთხოება და არსებობის უფლება თვითგამორკვევის გზით, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ისე უზრუნველყოთ.“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა", რა დროსაც მან "გაეროს წესდების დებულებებითა და სხვა საერთაშორისო ფუნდამენტური დოკუმენტებით იხელმძღვანელა".

„შეგვიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ როგორც აფხაზეთი, ისე სამხრეთ ოსეთი შედგა როგორც სუვერენული სახელმწიფო. ორივე რესპუბლიკა ფლობს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტს, მათ შორის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად მუშაობის სისტემებს, აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას, ავითარებს ეროვნულ ეკონომიკას, კულტურას და აქტიურად არის დაკავებული სამართლებრივი საზოგადოების მშენებლობაში,” - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. 

2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"