სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა – ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის

2010 წელს გერმანიაში გაფორმებულ დოკუმენტზე დატანილი ხელმოწერა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ამჟამინდელ მფლობელ ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის. ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაშია ნათქვამი. 

საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც თავდაცვის ექს–მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი2“ -ის წილებზე დავობს.

„გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.

აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:

ასო „შ“ -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.

- მოძრაობის ფორმა ასო „ქ“-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.

- მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ“-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ", -ნათქვამია დოკუმენტში.

ოქრუაშვილის ადვოკატი გია ზედელაშვილი საქმესთან დაკავშირებით ცალსახად პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს. როგორც ზედელაშვილმა „აქცენტს“ განუცხადა, ისინი განმეორებით ექსპერტიზას მოითხოვენ.

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp