სალია – გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე: "ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები"

ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის გენდირექტორი პაატა სალია გენპროკურატურის მიერ ტელეარხის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის რალის წაყენებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქმეში ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები".

სალიას თქმით, საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული.

„ის გარემოებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ კომპანიის კუთვნილი თანხები, ვგულისხმობ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომ ამ სხვა კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის დირექტორს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის ინტერესების საზიანო გარიგება არის დადებული და შესაბამისად, კვალიფიკაციაც და საბოლოოდ დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი, ამასთან დაკავშირებით, დაადგენს სასამართლო, მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები. ზუსტად, კონკრეტულ თანხასთან დაკავშირებით, მე ასე ვერ გეტყვით, კონკრეტული თანხების გაანგარიშება რა საფუძველზე მოხდა, როგორ მოხდა, თუმცა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია მეც მქონდა, იმიტომ, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, განთავსებულია საჯარო რეესტრში და "ინტერმედიის" მიერ კონკრეტული თანხების არგადმორიცხვის შედეგად, თუ სხვა გარემოებების შედეგად, ფაქტია, რომ "ინტერმედიას" საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გადაცემულია შემდგომ სხვა პირისთვის", - განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის: გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp