არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მოუწოდებენ, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმეში „წონადი მტკიცებულებები“ წარმოადგინოს

არასამთავრობო ორგანიზაციები გენპროკურატურის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასათვის ბრალის წაყენების საკითხს ეხმიანება და საგამოძიებო უწყებას მოუწოდებენ, გვარამიას წინააღმდეგ საქმეში „წონადი მტკიცებულებები“ წარმოადგინოს.

„ამ ეტაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქმის სრული შეფასების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან. სამართალდამაცავების ქმედებები, როგორც წესი, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას ემთხვევა.

ცხადია, რომ პროკურატურა დაჩქარებულად და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მოქმედებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წინა თვეში შეტანილი განცხადების საფუძველზე უკვე წარედგენა მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრი საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების მსგავსი ოპერატიულობა არ შეიმჩნევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა.

აღნიშნული გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ ეს საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, წარმოადგინოს კონკრეტული წონადი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმოქმედოს კანონის და არა მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საფარი“, „საზოგადოება და ბანკები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „მედიის განვითარების ფონდი“.

ცნობისთვის: გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp