აშშ გერმანიას ულტიმატუმს უყენებს

აშშ გერმანიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი ბერლინს საპასუხო ზომებით ემუქრება. 

„თუ გერმანია პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნის იგნორირებას გააგრძელებს, აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს. ან ბერლინი გაზრდის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე, ან ჩვენს ჯარისკაცებს გერმანიიდან პოლონეთში გადავიყვანთ“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა გერმანიაში რიჩარდ გრენელმა.

რამდენიმე დღის წინ ელჩმა გერმანია ჰორმუზის სრუტეში აშშ–ის მიერ დაანონსებულ მისიაში ჩართვის თაობაზე უარის თქმის გამოც გააკრიტიკა.   

აღსანიშნავია, რომ გარდა თავდაცვის ხარჯების თემისა, გერმანიასა და აშშ–ს განსხვავებული პოზიციები აქვთ მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის ირანის, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის და სავაჭრო ტარიფების საკითხებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: სადღეისოდ შეერთებულ შტატებს გერმანიაში 33 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს. ამასთან, ქვეყანაში იმყოფება აშშ–ის 17 000 სამოქალაქო თანამშრომელი, რომელიც სამხედროებს  დახმარებას უწევენ. არსებული ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს გერმანიაში ასევე აქვს ბირთვული ქობინები. 

ივნისში აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი 1000 ამერიკელ ჯარისკაცს გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანდა შესაძლო რუსული აგრესიის შესაკავებლად.  

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი დიდი ხანია, გამოხატავს უკმაყოფილებას NATO-ში ფინანსურ გადანაწილებასთან დაკავშირებით. 2018 წლის NATO-ს სამიტზე მან ამერიკის მიერ ალიანსის დატოვების შესახებაც კი განაცხადა, თუ ყველა წევრი დაუყოვნებლივ არ გაზრდიდა თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-მდე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp