„როსატომი“ – ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის სახელმწიფო ბირთული სააგენტოს („როსატომი“) განცხადებით, არხანგელსკის მხარეში, ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. 

„უბედური შემთხვევა იზოტოპის ენერგიის წყაროების ინჟინერული და ტექნიკური უზრუნველყოფის დროს მოხდა“, – ნათქვამია „როსატომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა უწყება „იზოტოპის ენერგიის წყაროების“ შესახებ დეტალებზე არ საუბრობს.

მისივე ცნობით, აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 პირი, რომელთაც საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

აღსანიშნავია, რომ 8 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რეაქტიული დანადგარის გამოცდისას პოლიგონზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა“.  ამასთან, როგორც უწყება ირწმუნება, ინციდენტის რაიონში რადიაციული ვითარება „ნორმალურად ფასდება“.

თუმცა 8 აგვისტოსვე, ცოტა ხნით ადრე ქალაქ სევეროდვინსკის  (სევოროდვინსკი პოლიგონიდან დაახლოებით 18 მილში მდებარეობს) ადგილობრივმა ადმინისტრაციამ  თავის ვებ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია რადიაქტიული ფონის “ხანმოკლე მატების” შესახებ. ამ დროისთვის ეს ინფორმაცია საიტიდან გამქრალია, თუმცა იძებნება ვებ-არქივში.

ცნობისთვის: 8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის მხარეში, ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, სულ მცირე, 20–ჯერ მოიმატა. მოსახლეობა პანიკაშია. ადგილობრივი საავადმყოფოების ადმინისტრაციამ მათ იოდინის მიღების რეკომენდაციით მიმართა. მძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს.

ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რუსეთმა თეთრი ზღვის ნაწილი გადაკეტა. რუსული მედიის ცნობით, თეთრ ზღვაში დვინის ყურის მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)