"მოსკოვში მორიგი მრავალათასიანი მიტინგის დაწყებამდე ოპოზიციის ოფისებს არბევენ, მიმდინარეობს დაკავებები"

მოსკოვში მორიგი მრავალათასიანი სანქცირებული მიტინგის დაწყებამდე ოპოზიციონერთა  დაკავებები დაიწყო, ოპოზიციონერი ლიდერის ნავალნის ოფისებს არბევენ, - იუწყება ტელეკომპანია "დოჟდი".

კერძოდ, ცოტა ხნის წინ "ტვიტერში" დასრულდა ნავალნის პოლიტიკური ძალის მხარდამჭერ აქტივისტ ლიუბოვ სობოლის პირდაპირი ჩართვა, რომელზეც ნავალნის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვების ცენტრში "ომონის"  სპეცრაზმელების შეჭრასა და თავად სობოლის დაკავებას ასახავდა.

"ჩვენს ცენტრში ძალოვანები შემოიჭრნენ. თანამშრომლები პირით კედლისკენ მიაყენეს. მე მაკავებენ. ცხადია, დღეს მიტინგზე ვეღარ ვხვდები, თუმცა უჩემოდაც იცით, რა გააკეთოთ. მჯერა თქვენი! თავისუფალი რუსეთი გაიმარჯვებს!" - განაცხადა ჩართვისას სობოლმა.

ორიოდ წუთში გავრცელდა ინფორმაცია იმის  შესახებ, რომ "ომონეები" შეიჭრნენ ნავალნის არხ "Навальный Live" სარეზერვო სტუდიაშიც და ამ წუთებში იქაც ჩხრეკა ტარდება.

ცნობისთვის: მორიგი 100 000-იანი მიტინგი, რომლის გამართვას ოპოზიცია დღეს მოსკოვის ცენტრში გეგმავს, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ოფიციალურადაა სანქცირებული. მოთხოვნა უცვლელია: დედაქალაქის საკრებულოს არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვება. 

წინა ორი მრავალათასიანი მიტინგი ძალოვანებმა უხეში ძალის  გამოყენებით დაშალეს. დაკავებული იყო 1000-ზე მეტი მონაწილე.

რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ ფართო გამოხმაურება მოჰყვა ასევე ცნობას იმის შესახებ, რომ 3 აგვისტოს მიტინგის მონაწილე ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ხელისუფლება მცირეწლოვან შვილს ართმევს, რომელთან ერთადაც წყვილი აქციაზე იყო გასული. კერძოდ, სრულიად აბსურდული ბრალდებებით მათ მშობლობის  უფლების ჩამორთმევას უპირებენ. 

ამ წუთებში კი მოსკოვის ცენტრში საპროტესტო აქცია იკრებს ძალას. იწყება სიტყვით გამოსვლები. ძალოვანები კი აქციის მიმდინარეობის ადგილისკენ მისასვლელი გზების გადაკეტვას ცდილობენ, იუწყება "დოჟდი".


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)