"ჩემი სოლიდარობა ნიკას, არ დანებდე!"

მომღერალი პაატა ბურჭულაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას სოლიდარობას უცხადებს.

"რა იმიჯს უქმნიან ქვეყანას ეს მართლა მოღალატეები, ყველა ცნობილი ადამიანი, ვინც აკრიტიკებს უნდათ, რომ თაღლითად და ქურდად გამოაცხადონ. მთავარია, პროკურატურამ ბრიფინგი გამართოს და ბინძური ჭორები გაავრცელოს. უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში, ნეტა თუ დარჩა ვინმე, ვინც ვერ ხვდება სინამდვილეს? ერთ-ერთი პირველი ხომ მე ვიყავი, ვისაც ფონდ "იავნანას" უპოვარი ბავშვების შესაწირი ყულაბებიდან ხურდა ფულის მოპარვა დააბრალეს. განა დაიჯერეთ ვინმემ? მაშინ რომ ყველას ხმა ამოეღო იქნებ არც მისულიყო აქამდე საქმე... ივანიშვილის მონებს და მათ "საგმირო" საქმეებს, ვინც ამხელდა და ამხელს ყველა უნდათ, რომ დააშინონ, დააბინძურონ, ციხეში გამოკეტონ. "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია, პირველ რიგში, ამ მართლა თაღლითებმა, სააშკარაო მხილება ვეღარ აიტანეს და მისდგნენ. ჩემი სოლიდარობა ნიკას, არ დანებდე! ან პატიმრობა ან სიმართლე და თავისუფლება! დღეს რაც არ უნდა მოხდეს შენ მაინც გამარჯვებული ხარ, ბოლომდე ჩამოხადე ნიღაბი, რაც მანამდე აკეთეს, შენი ძალისხმევით ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი!“ - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

პროკურატურა გვარამიასთვის გირაოს სახით 80 000 ლარის შეფარდებას და მისთვის დამატებითი ღონისძიების დაწესებას მოითხოვს. კერძოდ, საგამოძიებო უწყება მოითხოვს, რომ გვარამიას აეკრძალოს ქვეყნის დატოვება.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაემორჩილება ან მხოლოდ პატიმრობას, ან თავისუფლებას.  

"არ გადავიხდი არანაირ გირაოს, მაღალს უბრალოდ - ვერ და დაბალს - არა! არანირი შინა პატიმრობა, პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები, დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ!“, –აცხადებს გვარამია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp