პროკურორი: "ბრიფინგზე არ თქმულა, რომ გვარამიას ბრალში ჩვენ ბინების გადაფორმების ფაქტს ვედავებით"

ბრიფინგზე არ თქმულა, რომ ნიკა გვარამიას ბრალში ჩვენ ვედავებით ბინების გადაფორმების ფაქტს, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიას პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

"ბრიფინგზე გაჟღერდა ორი მთავარი ინფორმაცია. პირველი - მიღებულ იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გამოტანილი არის დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ და მეორე - საზოგადოებას ეცნობა, რომ ამ დადგენილებით გამოძიება არ დასრულებულა. გამოძიება ისევ მიმდინარეობს. არსებობს უამრავი კითხვის ნიშნები საქმეში არსებულ ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით, ქონებებთან დაკავშირებით და მათ შორის, ამ ეტაპისთვის რაც არის დადგენილი, 2017 წელს შპს „ინტერ მედია პლიუსმა“ თბილისში მდებარე ორი საცხოვრებელი ფართი გადაუფორმა ნიკა გვარამიას. მტკნარი სიცრუეა, თითქოს გამოძიებამ მას რაიმე კითხვა არ დაუსვა. მას დაესვა ყველა შეკითხვა, რომელიც მიზანშეწონილად ჩათვალა გამოძიებამ. მათ შორის მას დაესვა კითხვა, ჰქონდა თუ არა რაიმე სხვა სახის ურთიერთობა „ინტერ მედია პლიუსის“ დამფუძნებლებთან ან დირექტორებთან. ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მათთან გარდა სარეკლამო ურთიერთობისა, სხვა სახის ურთიერთობა არ ჰქონია. ამის შემდგომ ბუნებრივია, აღარ შევსულვართ დამატებით კითხვებში", - განაცხადა პროკურორმა.

გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, ბრალში ბინების ეპიზოდთან დაკავშირებით, საერთოდ საუბარი არ არის. 

ცნობისთვის: 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალი წაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

პროკურატურა ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp