"საპატრიარქომ და ხელისუფლებამ ხაზი გადაგვისვა, ჩვენც არ ვაპირებთ დანდობას"

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძე საკანში ძმამ თორნიკე მამალაძემ მოინახულა. როგორც ირკვევა, ამიერიდან ოჯახის წევრები პატიმრის მონახულებას საკანში კვირაში ერთხელ შეძლებენ.

როგორც ძმა ირწმუნება, სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მსჯავრდებულის ძმა სექტემბრიდან კვლავ აქციებს და დღემდე უცნობი ფაქტების გასაჯაროებიასაც აანონსებს, რომელსაც მისი მტკიცებით, საპატრიარქო მალავს.

„კვირაში ერთხელ მაქვს საშუალება, რომ შევიდე და მოვინახულო ჩემი ძმა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მომატყუეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა – მითხრეს, ჩვენ უნდა გავჩუმებულიყავით და ჩემს ძმას გამოუშვებდნენ. სექტემბრიდან ვაპირებთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარს, რა პრობლემებიც საპატრიარქოში არის: იმ წერილებთან დაკავშირებით ვაპირებთ საუბარს, რომელიც ჩემმა ძმამ გამოაგზავნა. ჩვენ საპატრიარქომაც  და სახელმწიფომაც ხაზი გადაგვისვა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ მათ დანდობას,“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

ცნობისთვის: პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირდა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში, ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს. მოგვიანებით ის საპატიმროში დააბრუნეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp