„თუ ჯოხთაბერიძემ ან ჩხარტიშვილმა ამ პირობებში „რუსთავი 2“ შეიძინეს, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური პროექტი იქნება“

ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, მაშინ როცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმე დღემდე სადავოა, ძნელად წარმოუდგენია, ვინმემ იყიდოს. 

„რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური განცხადებაა. ფაქტობრივად იგი შედეგება ორი ნაწილისგან: პირველი – ხალვაში აცხადებს, რომ კომპანია არის კატასტროფულ მდგომარეობაში და მეორე – მას კომპანიის გაყიდვა სურს. ჩვენ ვიცით, რომ ქონება დღემდე სადავოა. სტატუსი ამ ქონების ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ამ ფონზე ხალვაში გვიცხადებს, რომ ის ჰყიდის კომპანიას. დიდი ბოდიში, მაგრამ მე მაინტერესებს ის გიჟი, ვინც ესეთ კომპანიას იყიდის.  ბუნებაში არ მეგულება საღ აზრზე მყოფი ადამიანი, რომელიც ამ პირობებში ამ ნაბიჯს გადადგამს.  წარმოიდგინეთ, რომ გყავთ ძროხა, რომელზეც აცხადებთ, რომ თქვენს ძროხას სჭირს ციმბირის წყლული და ჰყიდით 1000 ლარად. ვინმე იყიდის?! იქით თუ გადაუხდი შეიძლება წაიყვანოს. თუ ქიბარ ხალვაში იქეთ უხდის ვინმეს, არ ვიცი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შესაძლოა, ტელეკომპანია ბიზნესმენებმა გია ჯოხთაბერიძემ ან  ვანო ჩხარტიშვილმა შეიძინონ, ხუხაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი რამ ვერ წარმოუდგენია, მაგრამ თუ ისინი ამ პირობებში მაინც გადადგამენ ამ ნაბიჯს „ეს  წმინდა წყლის პოლიტიკური პროექტი იქნება, რომელიც მარცხისთვის იქნება განწირული“, – განუცხადა "აქცენტს" ხუხაშვილმა. 

„ერთადერთი გონივრული ამ პირობებში შეიძლება, ჩავთვალოთ, თუ იყიდიან ისივე ის პირები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მას ფლობდნენ. ვგულისხმობ ყარამანიშვილებს და ნაყოფიას“, – დასძინა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის წილის 100%–ის მფლობელი ქიბარ ხალავაში, რომელიც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ "რუსთავი 2"-ის გაყიდვას არ აპირებდა, დღეს აცხადებს, რომ გადაწვიტა, გაყიდოს ტელეკომპანია. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დააკავეს